მირიანაშვილი ბელა შალვას ასული

მირიანაშვილი ბელა შალვას ასული (1. VI. 1938, თბილისი, – 28. VIII. 1992, იქვე), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1976). 1955 დაამთავრა ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრ. სასწავლებელი, ხოლო 1960 – თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. მეორე კურსის სტუდენტი მიიწვიეს კინოში, მეოთხე კურსის სტუდენტი კი გახდა რუსთაველის თეატრის მსახიობი, თუმცა ავადმყოფობის გამო სცენა ნაადრევად დატოვა. 1974-იდან მუშაობდა რეჟ. რ. სტურუას ასისტენტად. რუსთაველის თეატრის სცენაზე შეასრულა როლები: მაგდა (ს. კლდიაშვილის „ქარიშხალში“), თამრიკო (ვ. კანდელაკის „ქართლის ჩირაღდნები“), მზია (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), გულიკო (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“), სონა (ა. ცაგარლის „ხანუმა“), ელენე (რ. თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“), ქეთინო (ვ. როზოვის „ვახშმობის წინ“), პაკი, კორდელია (უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მეფე ლირი“), უფლისწული (ა. ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“), ლაურა (ტ. უილიამსის „შუშის სამხეცე“) და სხვ. კინოში შესრულებული როლებია: თებროლე („საბუდარელი ჭაბუკი“, რეჟ. შ. მანაგაძე, 1957), ლიანა („წარსული ზაფხული“, რეჟ-ები: გ. წულაია, ნ. ნენოვა, 1959), ლამარა („დღე პირველი, დღე უკანასკნელი“, რეჟ. ს. დოლიძე, 1959), ნანი („უდიპლომო სასიძო“, რეჟ. ლ. ხოტივარი, 1961), რუსუდანი („ცეროდენა რაინდები“, რეჟ-ები: ნ. ნენოვა, გ. წულაია, 1963). მონაწილეობდა სატელევიზიო სპექტაკლებში: ჯ. როდარის „ჩიპოლინო“ (ჩიპოლინო), ჭ. ამირეჯიბის „ველოსიპედი“ (ქეთინო), მ. ჯალიაშვილის „თეთრი ანგელოზი“ (ანგელოზი). მ-ის სამსახიობო ოსტატობა ეფუძნებოდა მსახიობის მიმზიდველობას, უშუალობასა და პლასტიკურობას.