მირიანაშვილი ალექსი ივანეს ძე

მირიანაშვილი ალექსი ივანეს ძე (1860, სოფ. ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 24. III. 1925, თბილისი), მწერალი, პედაგოგი. 1881 დაამთავრა თბილ. ალექსანდრეს სამასწავლებლო ინ-ტი. ამავე წლიდან მოღვაწეობდა იმდროინდელ პრესასთან. იყო სათავადაზნაურო სკოლის, 1883–1900 – თბილ. ალექსანდრეს სამასწავლებლო ინ-ტთან არსებული საქალაქო სასწავლებლის, 1900 კი – თბილ. პირველი კომერციული სასწავლებლის მასწავლებელი.

მ. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1879. ავტორია მოთხრობებისა: „რა ვარ მე“ (1887), „ფუჭამე“ (1887), „უცნაური მუხუდო“ (1888), „ორი დობილი“ (1888), „იუდას კერძი“ (1898), საბავშვო მოთხრობათა კრებულისა „პატარა მოამბე“ (1886) და სხვ. აქვეყნებდა წერილებს პრესაში ფსევდონიმებით: „ანაგელი“, „ლილიპუტი“, „ანმანი“.

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: ბედ-უკუღმართი ჯალაბობა, თბ., 1883; ქართული წერის დედანი, ტფ., 1907; იგავ-არაკნი, 70 დასურათებული პატარა მოთხრობა, ტფ., 1922.

ლიტ.: მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994; ნაცარაშვილი ო., კახეთის გა­მოჩენილი ადამიანები, თბ., 2001.