მირიანაშვილი ალექსანდრე (სანდრო) პეტრეს ძე (25. IX. 1915, სიღნაღი, – 30. I. 1987, თბილისი), კომპოზიტორი, მოყვარული მხატვარი. საქართვ. სახ. არტისტი (1966), სომხ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1962). დაამთავრა თბილ. I მუს. სასწავლებლის საფორტეპიანო და საკომპოზიციო კლასი. 1934–45 სწავლობდა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის საკომპოზიციო განყ-ბაზე (პედ-ები: ი. ტუსკია, შ. მშველიძე), შემდეგ – მოსკ. და ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) კონსერვატორიებში იმავე განყ-ბაზე (პედ-ები: გ. ი. ლიტინსკი, ნ. ი. მიასკოვსკი); 1952–56 ხელმძღვანელობდა ამიერკავკ. სასაზღვრო ჯარების სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს და მხატვრულ თვითმოქმედ კოლექტივებს. XX ს. 30-იანი წლებიდან დააარსა რამდენიმე ვოკალური დუეტი (ც. ციცქიშვილი – ე. გვაზავა; ნ. მკერვალიძე – ც. ციცქიშვილი და სხვ.). მ-ს ეკუთვნის 2 ოპერა: „ცურტავის ფსკერზე“ (1978) და საბავშვო ოპერა „რუხი მგელი“ (1945). ძირითადად მოღვაწეობდა სასიმღერო ჟანრში. ავტორია 800-ზე მეტი სიმღერა-რომანსისა, მ. შ.: „საყვარელ ქუჩაზე“, „გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ“, „ბიჭო, ვისი ხარ, მალხაზი“, „ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა, პატარა“, „შევიშრობ ცრემლსა“, „მერი“, „წინ!“, „ქარი მღერის“, „ჯერ არ იქნება გვიან“, „ვით ნიავის ნაზი ფრთები“, „გალია“ და სხვ. მ. ავტორია საფორტეპიანო პიესების კრებულისა „ორმოცდაათი ჩუქურთმა“, აგრეთვე პირველი ქართ. საკონცერტო ვოკალიზის „აქა მშვიდობა“, მრავალი ლირ. დუეტის, ტრიოს, გუნდის, აგრეთვე მუსიკის დრამ. სპექტაკლებისათვის. მ-ის სასიმღერო შემოქმედებას ახასიათებს ნათელი, გამჭვირვალე მელოდიკა, ლირიზმი, ქართ. ხალხ. სასიმღერო ფოლკლორთან მჭიდრო კავშირი. მისი მრავალი სიმღერა დღემდე შემორჩა ქართ. ესტრადას და ყოფას. სიღნაღში გახსნილია მისი მემორიალური მუზეუმი (1998). მ-სა და მის მიერ დაარსებულ ბავშვთა გუნდზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „ჩუქურთმა“ (1970; რეჟ. გ. ჭუბაბრია).
ლიტ.: ლაფაური ს., ს. მირიანაშვილი, „საბჭოთა ხელოვნება“, 1965, №10; ლონდარიძე ე., ს. მირიანაშვილის ახალი ვოკალური ციკლი, თბ., 1983; ჩხიკვაძე გრ., საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორები, თბ., 1956; Какулиа Л.,, Чкониа С.., Композиторы и музыковеды Грузии, Тб., 1984.
მ. ჯაფარიძე