მირიან III (დაახლ. 250 – 334), ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე, ფარნავაზიანთა სახლის წარმომადგენელი. ქართლის უკანასკნელ წარმართ მეფე ასფაგურს გარდაცვალების შემდეგ (257) დარჩა მხოლოდ 15 წლის ასული აბეშურა. ქართლის ერისთავებმა მას ფარნავაზიანთა სახლის გვერდითი შტოს წარმომადგენელი, მეფის შემდგომ მეორე პირის, ქართლის სპასპეტის – რევის („მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაში იხსენიება მ. III-ის მამად) 7 წლის ვაჟი, მირიანი შერთეს ქმრად. მ. III-ის მცირეწლოვანების გამო 257-იდან ქართლს რევი განაგებდა. ნისიბინის ზავით (298), როდესაც ქართლზე 40 წლით რომის პროტექტორატი დაბრუნდა, იმპ. დიოკლეტიანემ (284–305) ქართლის ტახტზე მ. III დასვა. „მსახურებასა შინა შჳდთა მათ კერპთა და ცეცხლისასა“ აღზრდილმა მ. III-მ ტახტზე ასვლისთანავე „ჰმატა შემკობა კერპთა და ბომონდთა, კეთილად იპყრა ქურუმნი კერპთანი“.
ჯერ კიდევ რევის გამგებლობისას, 15 წლის მ. III დაქვრივდა, ამიტომ ტახტზე ასვლის შემდეგ ნანა კაპადოკიელი (იხ. ნანა დედოფალი) შეირთო. მისგან ორი ძე (რევი და ბაკური/ბაქარი) და ერთი ასული შეეძინა. მ. III-მ „ჟამსა სიბერისა მისისა იცნა ღმერთი დამბადებელი და შეიწყნარა სახარება მოციქულთა“. სამეფო კარის და „პალატ ბანაკის“ მიერ ქრისტიანობის აღიარების შემდეგ (დაახლ. 326) მ. III-მ იმპერიის ხელისუფალთაგან (კონსტანტინე დიდი) ეკლესიის ასაშენებლად ხელოსნები გამოითხოვა. მათ ქართლში ჩამოიტანეს „ქრისტეს ფიცარნი და სამსჭუალნი“. მ. III-მ ეკლესიების აგება დაიწყო ერუშეთში, წუნდაში, მანგლისსა და მცხეთაში. მშენებლებთან ერთად „ქებისა შესხმად და კურთხევისა მიცემად“ ქართლში ჩამოსულმა ბრანჯმა მთავარდიაკონმა (იხ. ბრანჯები) ეკლესიის ორგანიზაციის შემდეგ ქართლის პირველ ეპისკოპოსად იოანე დასვა (იხ. იოანე I), აღწერა ქართლის მოქცევის ამბავი, წმ. ნინოს მიერ მოხდენილი სასწაულები და იმპერიაში წავიდა. 325 ქ. ნიკეაში I მსოფლიო საეკლ. კრების დაწყების წინ ევსტათი ანტიოქიელმა იოანე ქართლის ეკლესიის პირველ საჭეთმპყრობლად აკურთხა. ამ აქტით ქართლის ეკლესიაზე ანტიოქიის ეკლესიის ზემდგომობა დამყარდა.
მ. III-მ სიცოცხლის ბოლოს ქართლის სამეფო ტახტზე უფროსი ძე – რევი დასვა, მაგრამ ის (334) მ. III-ის სიცოცხლეშივე გარდაიცვალა („ქართლის ცხოვრების“ ძვ. სომხურ თარგმანში არსებული ცნობით, რევი 34 წლის იყო). იმავე წელს 84 წლისა გარდაიცვალა მ. III-ც, რ-იც თავისივე აგებულ „ზემო ეკლესიაში“ (ახლანდ. სამთავროს მონასტერი მცხეთაში) დაკრძალეს. რადგან 334-თვის რევის ძე თრდატი მცირეწლოვანი იყო, ქართლის სამეფო ტახტზე მ. III-ის მეორე ძე, რომის იმპერიაში მძევლად ნამყოფი ბაკური ავიდა.
„მეფეთა ცხოვრების“ ცნობა, თითქოს მ. III მიჰრანთა გვარის მხევალი ქალისაგან ნაშობი ირანელი უფლისწული იყო, ქართველ მეცნიერთა (გ. მელიქიშვილი, ნ. ლომოური, ლ. ჯანაშია და სხვ.) მოსაზრებით, ქართლის პირველი ქრისტიანი მეფისათვის დიდი წინაპრის გამოძებნის სურვილითაა ნაკარნახევი და ლეონტი მროველის შეთხზულად ითვლება. მანვე მიაწერა მ. III-ს ის უფლება-მოვალეობები, რაც მიჰრან-გუშნასპთა საგვარეულოდან გამოსულ ქართლ-ალბანეთის მარზპანებს ევალებოდათ.
წყარო: ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილის და ელ. გიუნიშვილის გამოც., თბ., 1979.
ლიტ.: გოილაძე ვ., ამიერკავკასიაში სასანიანთა მმართველობის ასახვა ქართულ საისტორიო ტრადიციაში, „მაცნე ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია“, 1982, #4; მისივე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ., 1990; მისივე, ქართული ეკლესიის სათავეებთან, თბ., 1991.
ვ. გოილაძე