მირიან II, მირვანი, ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს. II ნახ-ში ფარნავაზიანთა დინასტიის მე-4 მეფის, ფარნაჯომის ძე. „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, მ. II აღიზარდა სპარსეთში, სადაც მამამისის მოკვლის შემდეგ გახიზნეს (ერთი წლისა). შემდეგ მირიანი სპარსელთა ლაშქრით ქართლს შემოესია, დაამარცხა მეფე ბარტომი, დაეუფლა ტახტს და ცოტა ხანს იმეფა. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მას მიაწერს მცხეთაში ქალაქის მშენებლობის დაწყებას.
ლიტ.: მელიქიშვილი გ., ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის. კრ.: ძიებანი საქართველოს, კავკასიისა და ახალი აღმოსავლეთის ძველი ისტორიის დარგში, თბ; 1999.
გ. მელიქიშვილი