მირი

მირი, მიჰრი (გ. 719), ქა­რ­­­­­­თლის ერისმთავარი. ფარნავა­ზიანთა სამეფო სახლის ცნობილი წარმომადგენლის – სტეფანოზ II-ის უფროსი ძე. ბოლო დრომდე ისი­ნი ბაგრატიონთა სახლის წევ­რებად იყვნენ მიჩნეული, მაგრამ „ქართლის ცხოვრების“ ძვ. სომეხი მთარგმნელის მიერ სტეფანოზის მამის, ადარნასეს (ატნერსე) „დაჩის გვარისად“ მოხსენიება მათ ფარნავაზიანთა დინასტიისადმი კუთვნილებაზე მიუთითებს. მ-ის უმცროსი ძმა, არჩილი მისდამი მიძღვნილ თხზულებაში „დიდთა მეფეთა ხუასროანთა“ შვილად იწოდება („ქართლის ცხოვრება“). „არაბთა შორის შინაომისა“ და ბიზანტიის აღმოსავლური პოლიტიკის გააქტიურებისას ბაგრატიონთა სახლის წევრებმა ქართლის ტახტისათვის ბრძოლა დაიწყეს. VII ს. 80-იანი წლების დამდეგს ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ II-მ იძულებით დატოვა ქართლი და ოჯახით ეგრისში გადავიდა. ქართლის მმართველად მან უმცროსი ძე, არჩილი დატოვა. 682 მცხეთაში მირონის კურთხევის ცერემონიალის ჩატარების შემდეგ, აღმ-ში ბიზანტიელთა ცნობილი სარდლის, ლეონტის წარმატებული ლაშქრობისას (დაახლ. 686), არჩილმაც იძულებით დატოვა ქართლი. ქართლის ერისმთავრის ტახტი ნერსე I-მა (ბაგრატიონი) დაიკავა. ბაგრატიონთა და ფარნავაზიანთა სახლებს შორის დაპირისპირებას ისეთი მწვავე ხასიათი ჰქონდა, რომ მ-მა ეგრისში გარდაცვლილი მამის, სტეფანოზ II-ის მცხეთაში გადასვენება ვერ შეძლო. მ. და არჩილი რამდენიმე ათეული წელი ფარნავაზიანთა კუთვნილ „ეგრის-წყალსა და კლისურას შუა“ ტერიტ-ზე ცხოვრობდნენ, იმ ადგილებში არაბთა ლაშქრის გამოჩენის (717–718) შემდეგ კი ანაკოფიის ციხეში გადაინაცვლეს. არაბთა მიერ ციხის გარემოცვისას მ. სასიკვდილოდ დაიჭრა და მალევე გარდაიცვალა.

წყარო: ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვ­რება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.

ლიტ.: აბრამიშვილი გ., სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბ., 1977; მისივე, ატენის სიონის სამი გრაფიტი, „მნათობი“, 1984, #9; გოილაძე ვ., რატომ გადავიდა ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II ოჯახით ეგრისში?, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, [წგ.] 7, თბ., 2008; მისივე, ბიზანტიის აღმოსავლური პოლიტიკის ასახვა ქართულ ეპიგრაფიკაში, თბ., 2008.

ვ. გოილაძე