მირზაშვილი რევაზ ივანეს ძე

მირზაშვილი რევაზ ივანეს ძე (1. XII. 1901, გორი, – 7. V. 1988, თბილისი), კინოს მხატვარი. საქართვ. სახ. მხატვარი (1979). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1931). XX ს. 30-იანი წლების დასაწყისში ერთხანს თეატრში მუშაობდა, შემდეგ კინომხატვრობა აირჩია და 1934-იდან მუშაობა დაიწყო „სახკინომრეწვში“ (1953-იდან კინოსტუდია „ქართული ფილმი“). მ-მა, როგორც ერთ-ერთმა პირველმა ქართველმა კინომხატვარმა, თავისი შემოქმედებით ხელი შეუწყო ამ დარგის განვითარებას საქართველოში. მის მიერ გაფორმებულია კინოსურათები: „ქაჯეთი“ (მ. გოცირიძესთან ერთად; 1936), „ქაჯანა“ (კ. კვალიაშვილთან ერთად, 1941), „გიორგი სააკაძე“ (მ. გოცირიძეს, ი. შვეცსა და კ. კვალიაშვილთან ერთად; 1941–43), „გაზაფხული საკენში“ (ქ. ლებანიძესთან ერთად; 1950), „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ (1954), „ბაში-აჩუკი“ (1956), „მამლუქი“ (1958), „გლახის ნაამბობი“ (1961), „ხევისბერი გოჩა“ (1964), „ვედრება“ (1967), „შერეკილები“ (თ. მირზაშვილთან ერთად; 1973), „ნატვრის ხე“ (1977), „ადამიანთა სევდა“ (1984) და სხვ. მ-ის გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, დახვეწილი გემოვნებით, ფერწერულობით.