მირზაშვილი თენგიზ (ჩუბჩიკა) რევაზის ძე (10. II. 1934, მესტია, – 1. I. 2008, თბილისი), მხატვარი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართვ. დამს. მხატვარი (1967). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1958; პედ. ს. ქობულაძე). იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1961–66). თბილისში სხვებთან ერთად დააარსა ე. ახვლედიანის სახ. ბავშვთა სამხატვრო გალერეა (1968), სადაც მუშაობდა მთ. მხატვრად (1972–2004). მ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ლირიკულობა, პოეტური განწყობა, ფერადოვნება. ავტორია პატარა ზომის ჟანრული სურათებისა, რ-ებშიც ძირითადად ასახულია ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული კავშირი. ნამუშევრები: შერეული ტექნიკა – სერიები „ბაკურიანი“ (1956-66), „თუშეთი“ (1957–67); ფერწერა – „თუში ქალები“ (1959), „ჭიდაობა“, „მანანას პორტრეტი“ (ორივე, 1960), „მთის სოფელი“ (1961), „ლიას პორტრეტი“ (1964), „მწყემსები“ (1966); „სოფლის მოტივი“ (1967), „მხატვრის ოჯახი“ (1968), „ცეკვა“ (1970) და სხვ.; გრაფიკა – სერია „ქართლის პეიზაჟები“ (1975–80), წიგნის გრაფიკა – „სტუმარ- მასპინძელი“ (1970), „კაცია-ადამიანი ?!“ (1974), „შუშანიკის წამება“ (1977), „ძველი ებრაული პოეზია“ (1998) და სხვ. მ. წარმატებით მუშაობდა თეატრსა და კინოში. მხატვრულად გააფორმა ფილმები: „შერეკილები“ (1973, რ. მირზაშვილთან ერთად), „ვედრება“ (1986) და სხვ. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1962-იდან: „ქართული საბჭოთა წიგნი და ესტამპი“ (საქართვ. სახელმწ. სურათების გალერეა თბილ. 1979); „საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება“ (მხატვრის ცენტრ. სახლი, მოსკოვი, 1987); ქართ. სახვითი ხელოვნება, რეტროსპექტული გამოფენა („მხატვრის სახლი“, თბილისი, 1987) და სხვ. პერსონალური გამოფენები: ხელოვნების მუშაკთა სახლი (1962); გალერეა „ვერნისაჟი“ (1998, ორივე თბილისი). მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. სახელმწ., აღმოსავლეთის ხელოვნ. სახელმწ. (მოსკოვი), უზბეკეთის ხელოვნ. მუზეუმებში, დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. და ტრეტიაკოვის სახელმწ. (მოსკოვი) გალერეებში, კერძო კოლექციებში.
ლიტ.: თენგიზ მირზაშვილი, ბიობიბლიოგრაფია, თბ., 2010; Беридзе В., Езерская Н., Искусство советской Грузии, М., 1975.
თ. გერსამია