მირზა მოჰამედ სადეყ მუსევი

მირზა მოჰამედ სადეყ მუსევი, XVIII ს. სპარსელი ისტორიკოსი. მან თავისი თხზულება „ქვეყნიერების დაპყრობის ისტორია“ („თარიხ-ე გითი გოშაი“) მიუძღვნა ქერიმ-ხან ზენდის მეფობის (1760–79) დროინდელ ამბებს; იგი შედარებით მშვიდობიანი მმართველი გამოდგა – ხელს უწყობდა ვაჭრობა-ხელოსნობის აღორძინებას, გლეხებს საგადასახადო შეღავათები დაუწესა, ატარებდა რჯულთშემწყნარებლობის პოლიტიკას. მის დროს ქართლ-კახეთის სამეფოები თითქმის სრულიად დამოუკიდებელი იყო ირანის სამეფო კარისგან. ირანის ტახტის ერთ-ერთი უძლიერესი მაძიებელი, ავღანელი აზატ-ხანი ქერიმ-ხანს დიდ სირთულეს უქმნიდა. თხზულებაში ხაზგასმით არის აღწერილი დასახელებული მომენტები და მოთხრობილია ქერიმ-ხანის მიერ დიდძალი საჩუქრებით დატვირთული ელჩების გაგზავნა ერეკლესთან მის მიერ 1760 დატყვევებული აზატ-ხანის გადაცემის მოთხოვნით. 1763 მეფემ შაჰის თხოვნა შეასრულა, რითაც ქართლ-კახეთის მთლიანობა და დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განამტკიცა.

ლიტ.: მაჭარაძე ვ., მასალები XVIII ს. II ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწ. 2 – თეიმურაზ მეორის ელჩობა რუსეთში, თბ., 1968; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; შარაშენიძე ზ., ირანი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, თბ., 1970; შენგელია ლ., ირანი ქერიმ-ხან ზენდის დროს, თბ., 1973.

დ. კაციტაძე