მირზა მოჰამედ მეჰდი-ხან ასთრაბადი, XVIII ს. სპარსელი ისტორიკოსი. მისი თხზულება „ნადირ შაჰის ისტორია“ („თარიხ-ე ნადერი“) ეძღვნება ნადირ შაჰის ზეობის (1736–47) ამბებს, აგრეთვე უხვად გვაწვდის ცნობებს საქართველოს შესახებ. ავტორი დაწვრილებით აღგვიწერს ნადირ შაჰის თბილისში შემოსვლის ცერემონიალს, როდესაც, როგორც ოსმალთაგან „განმათავისუფლებელს“, საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. საინტერესოა მისივე ცნობები თეიმურაზისა და ერეკლეს საშინაო საქმიანობის, გივი ამილახვრის აჯანყებისა და სხვათა შესახებ, ასევე შაჰის ტახტის თვითმარქვია პრეტენდენტების საქართველოსთან ურთიერთობაზე. ერთი ასეთი ცრუ უფლისწული – საამ მირზა დაატყვევა თეიმურაზ II-მ. ისტორიკოსს, ქართვ. ისტორიკოსებისაგან განსხვავებით (პაპუნა ორბელიანი, ვახუშტი, ომან ხერხეულიძე), ამ ამბის თარიღიც აქვს მითითებული (1744 წ. 9 იანვ.). მისივე ცნობით, ოსმალო იუსუფ ფაშას დამარცხებისთვის ნადირ შაჰმა თეიმურაზს და ერეკლეს ჯილდოდ ქართლისა და კახეთის ვალობა უბოძა. ნადირ შაჰის პიროვნების ყველაზე დამახასიათებელ თვისებად იგი ყველას მიმართ ეჭვიანობასა და განუზომელ პოლიტ. ამბიციებს მიიჩნევს. ისტორიკოსის თხზ. თარგმნა დავით ბაგრატიონმა (ინახება ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში).
ლიტ.: დემეტრაშვილი კ., ირანელ ცრუ უფლისწულთა ურთიერთობა საქართველოსთან პაპუნა ორბელიანის ცნობათა მიხედვით. კრ.: ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, ტ. 10, თბ., 2017; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ, 4, თბ., 1973; ჭელიშვილი ა., მირზა მოჰამედ მეჰდი–ხანის „თარიხე ნადეროს“ ქართული თარგმანის შესახებ, „თსუ შრომები“, 1964, ტ. 108.