მირზა იუსუფ ყარაბაღელი, ნერსესოვი

მირზა იუსუფ ყარაბაღელი, ნერსესოვი (1798, სოფ. გადრუტი, ყარაბაღი, – 1864, შუშა), პედაგოგი, მთარგმნელი და ლიტერატურათმცოდნე. წარმოშობით სომეხი. ბავშვობაში ყარაბაღიდან ყიზილბაშთა ქვეყანაში მოხვდა, სადაც სარდალ ამირ-ხანთან 18 წელი დაყო, შეისწავლა სპარსული და სამდივნოში მწერლად მსახურობდა. თავისუფალ დროს იგი ეცნობოდა სხვადასხვა ხალხის სარწმუნოებასა და ისტორიას. 1828 დაბრუნდა ყარაბაღში. 1854 გ. ორბელიანის შტაბში განაგებდა მიმოწერას სპარსულ და არაბულ ენებზე. 1854–55 გ. ორბელიანის დავალებით სპარსულ ენაზე დაწერა სპარსეთის ისტორია „თარიხე საფი“ („სიწმინდის ისტორია“). მიზანი სხვა ისტორიკოსების შეცდომების გასწორება და სამხრ. კავკასიის ისტორიის სწორი სურათის გადმოცემა იყო. წყაროების შესახებ ამბობს, რომ ზოგიერთი ამბავი თავად უხილავს, ზოგი სანდო პირისაგან გაუგონია და ზოგიც სომხური და სხვა სანდო წიგნებიდან გადმოუღია. ნაშრომი განზრახული იყო ორ წიგნად, თუმცა ცნობილ ხელნაწერში წარმოდგენილია პირველი წიგნი, რ-ის ბოლოს ავტორი გვპირდება, რომ მეორეში დაღესტნის ისტორიას აღწერს. ნაწარმოები შედგება შესავლისა და 9 კარისაგან. ნადირ-შაჰამდე ისტორია მოკლედ აქვს აღწერილი, შემდეგ კი ცდილობს დაწვრილებით გადმოგვცეს სპარსეთის, სამხრ. კავკასიის აღმ. სახანოების (მე-6, მე-7 კარი), რუსების კავკასიაში შემოსვლის ამბები (მე-9კარი). მოგვითხრობს ერეკლე II-ის შესახებ, ფანა-ხანის, იბრაჰიმ-ხანის, აჯი-ჩელებისა და მათთან ქართველების ურთიერთობაზე, აღა-მაჰმად-ხანის გამოლაშქრების მიზეზებზე, თბილისის აღებისა და დარბევის შესახებ, გიორგი XII-ის მეფობასა და დავით ბატონიშვილის მმართველად დანიშვნაზე. ვრცლად აქვს გადმოცემული XIX ს. პირველი ათწლეულის ამბები სამხრ. კავკასიაში რუსული მმართველობის დამყარების შესახებ, რაც მთავარმართებელთა მიხედვით აქვს დასათაურებული. ისტორიის თხრობა მოდის თურქმანჩაის ზავამდე (იხ. სტატია თურქმანჩაის ზავი 1828).

მ. ი. ყ-ს შედგენილი ჰქონდა აზერბაიჯანელ ავტორთა ნაწარმოებების „კრებული“. დიდია მისი წვლილი აზერბაიჯანელი პოეტის, ვაყიფის შემოქმედებისა და ცხოვრების შესწავლის საქმეში.

ლიტ.: ფუთურიძე ვ., მირზა ჲუსუფ ყარაბაღელი და მისი ისტორია „თარიხე საჶი“, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1951, ნაკვ. 29.

ლ. მანიავა