მირდატი

მირდატი, ქართლის მეფე 398–399. ფარნავაზიანთა სამეფო სახლის, ბაქარიანთა შტოს წარმომადგენელი. „მეფეთა ცხოვრების“ ავტორის ცნობით, მ. იყო „კაცი ქველი, მხედარი შემმართებელი... უშიში ღმრთისა... არა მსახურა ღმერთსა, არცა აღაშენა ეკლესია, არცარა მატა შენებულთა“. იგი კლარჯეთისათვის ებრძოდა ბერძნებს (რომაელებს), ხოლო სპარსელებს (ირანელებს) ხარკს არ აძლევდა. ირანის სამეფო კარზე არსებული ოცწლიანი არეულობის შემდეგ, 399 ტახტზე ასული იეზდიგერდ I-ის მიერ გამოგზავნილ დიდ ლაშქარს მ. „მცირედითა სპითა მიეგება“. გარდაბანთან ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. მ. ირანელებმა დაატყვევეს. მტერმა „დაიპყრო ქართლი და განრყვნა ეკლესიანი“. სამეფო ოჯახი და სვიმონ ქართლის ეპისკოპოსი კახეთის ხევში გაიხიზნენ. სასანიანებმა ქართლში მეფობა გააუქმეს (სამი წელი უმეფობა იყო). მ. გარდაიცვალა ტყვეობაში.

მ. საქართვ. მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და წმინდა მოწამე მირდატ მეფე უწოდა. ხსენების დღეა 8(21) ივლისი.

წყარო: ლეონტი მროველი, ცხო­ვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: გოილაძე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ., 1990; ქართველ წმინდანთა ცხოვრება, თბ. – ათენი, 2003.

ვ. გოილაძე