მირგოროდი

მირგოროდი, ქალაქი უკრაინაში, პოლტავის ოლქში, მდ. ხოროლის ნაპირზე. ძველი ქართული კულტურის კერა. 1741 ვახტანგ VI-ის ამალის წევრ ქართველებს გადაეცათ მამული მ-ის განაპირას, სადაც 1743-იდან დ. გურამიშვილი დროგამოშვებით ცხოვრობდა, 1760 კი საბოლოოდ დამკვიდრდა. აქ შეიქმნა მისი ნაწარმოებების მნიშვნელოვანი ნაწილი. პოეტი დაკრძალულია მ-ის მიძინების ეკლესიის სასაფლაოზე. 1949 წ. 1 აგვისტოს, დ. გურამიშვილის ხსოვნის დღეს, მის საფლავზე დაიდგა ძეგლი (მოქანდაკე ა. ნემეკო). პოეტის სახელს ატარებს ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა, ბ-კა და სკოლა. 1969 ქალაქში გაიხსნა დ. გურამიშვილის ლიტ.-მემორიალური მუზეუმი.

ლიტ.: კოსარიკი დ., დავით გურამიშვილი უკრაინაში, თბ., 1957; Розсоха Л., Грузiнi в Украiнi. Шляхами Давида Гурамишвили, Миргород, 2005.