მირანდუხტი

მირანდუხტი (დ. 437), ვახტანგ გორგასლის უმცროსი და. ჯუანშერის (XI ს.) ცნობით იგი ვახტანგის დაბადებიდან (431) „მეექუსესა წელსა“ დაბადებულა. იმდროინდელ ქართლის სამეფოში არსებული წესის თანახმად, იზრდებოდა „კასპის სპასალარის“ ოჯახში. 441 ჩრდ. კავკასიიდან ქართლში შემოსულმა მომთაბარეებმა, რ-თა შორის ოსთა წინაპრებიც იყვნენ, ქართლის მოოხრების შემდეგ კასპიდან სამი წლის მ-ც გაიტაცეს. ვახტანგ მეფე ძალზე წუხდა მ-ის ტყვეობაში ყოფნას. 447 „კავკასიანნი მეფეთა“ და ქართლ-ალბანეთის მარზპანის – ვარაზ-ბაკურის მხედრობასთან ერთად ვახტანგმა ჩრდ. კავკასიაში ილაშქრა და მ. ტყვეობიდან გამოიხსნა. 460, ქართლში ირანელთა ლაშქრობის შემდეგ, საზავო მოლაპარაკებისას ირანის შაჰმა (იგულისხმება პეროზი, 459–484) ვახტანგ მეფეს, თავისი მტრების წინააღმდეგ შემწეობის გარდა, მ. სთხოვა ცოლად. ვახტანგი დათანხმდა. შაჰმა ანტიოქიას (ქ. ნისიბინი) აღასრულა „ქორწილი სამეუფო“, რ-საც ვახტანგის დედა – საგდუხტი და „დაჲ ხუარანძეც“ დაესწრნენ. 460 შემდეგ მ-ის ბედი უცნობია.

წყარო: ჯუანშერი, ცხოვრება ვახ­ტანგ გორგასლისა, წგ. ქართლის ცხო­ვრება, ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: გოილაძე ვ., ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბ., 1991.

ვ. გოილაძე