„მირანგულა“, ლირიკული ხასიათის სვანური ხალხური სიმღერა, რომელშიც მთავარი პერსონაჟის ტრაგიკული ბედი და მასზე წუხილია გამოხატული. მიეკუთვნება ჭუნირითა და ჩანგით სათქმელ ე. წ. საყოფაცხოვრებო ბალადების ტიპს. საფუძვლად უდევს ლეგენდა, რ-ის თანახმად მთაში დამკვიდრებული სისხლის აღების წესის გამო დედას სვანურ კოშკში დაუმალავს თავისი ერთადერთი 17 წლის ვაჟი მირანგულა. საღამოობით დედა ჩუმად უზიდავდა მას საჭმელს, მაგრამ ერთ დღესაც შვილი კოშკში აღარ დახვდა, რადგან იგი მტრებმა წაიყვანეს.
ლიტ.: არაყიშვილი დ., სვანური ხალხური სიმღერები, თბ., 1950; წერედიანი დ., სვანური სიმღერების კვალდაკვალ, თბ., 2011.