მიონი, ნახევარგამტარებისა და ნახევარგამტარული ხელსაწყოების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ჩამოყალიბდა 1973 ნახევარგამტარების ფიზიკის ხელსაწყოების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის, თბილ. საკონსტრუქტორო ბიუროს და მასთან არსებული საცდელი ქ-ნის ბაზაზე, რ-ებიც თავის მხრივ შეიქმნა 1965. მ-ის დირექტორები იყვნენ ვ. ჭიჭინაძე (1973–74), მ. კლემენტიევი (1974–77), რ. ჩიქოვანი (1977–84), ნ. კახიშვილი (1984–87).
მ-ის კვლევითი სამუშაოების ძირითადი მიმართულებები იყო ახ. ნახევარგამტარული მასალებისა და სტრუქტურების მიღება და შესწავლა; მყარ სხეულში (განსაკუთრებით ნახევარგამტარში) ახ. ფიზიკური მოვლენებისა და პროცესების გამოკვლევა მიკროელექტრონიკის პერსპექტიული ხელსაწყოების შესაქმნელად. ინ-ტში შესრულებული სამუშაოებიდან მნიშვნელოვანია ინტეგრალური სქემების სერიის დამუშავება, სპეც. დანიშნულების ნახევარგამტარული ხელსაწყოების მიღება, A3B5 შენაერთებში ჰეტეროსტრუქტურების საფუძველზე ინფორმაციის ვიზუალური ასახვისათვის, სინათლის გამომსხივებელი ოპტიკურ-ელექტრონული ხელსაწყოების, ასევე ინტეგრალური სქემების ავტომატიზებული პროექტების სისტემის დამუშავება, საყოფაცხოვრებო ხასიათის ელექტრონული ხელსაწყოების შექმნა. ამასთანავე მიმდინარეობდა ნახევარგამტარული მიკროელექტრონული ხელსაწყოების რადიაციული მდგრადობის დადგენისა და ამაღლების სამუშაოები და სხვ. მ-ის ქ-ნაში დამზადებული ნაკეთობების მნიშვნელოვანი ნაწილი იგზავნებოდა საექსპორტოდ. 1981 თსუ-ში შეიქმნა მ-ის საბაზო ნახევარგამტარული მიკროელექტრონიკის კათედრა (გამგე ი. გვერდწითელი). წარმოების განვითარებისათვის საქართვ. სხვადასხვა რ-ნში (თელავი, წალკა, სოფ. ავრალო, ახმეტა) შეიქმნა მისი ფილიალები. 1987 სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება მ. (გენ. დირექტორი ნ. კახიშვილი) გადაკეთდა სამეცნ.-სახაზინო საწარმოდ (1997). 2002 მ-მ ფუნქციონირება შეწყვიტა.
ა. ბიბილაშვილი