მინიატიურა ლიტერატურაში, ზოგადად, მცირე ფორმის მხატვრული ნაწარმოები. კომპოზიციურად და შინაარსობრივად დასრულებული უმცირესი ზომის ლიტ.-თხრობითი ჟანრი, რ-ის მოქმედება ვითარდება დინამიკურად და ლაკონიურად. თავისი სტრუქტურით იგი ნოველაზე მარტივი და შეზღუდულია. განსაკუთრებით განვითარდა აღმ. ქვეყნებში (შუა აზია, ირანი, არაბული ქვეყნები, ინდოეთი). მ-ს გენეტიკურად უკავშირებენ ძვ. ეგვიპტურ, ბაბილონურ, ასირიულ, ინდურ, არაბ., სპარს., ლათ. და ბერძნ. ლიტ-რას, აგრეთვე – შუა საუკუნეების არაკებს. ის შეიძლება იყოს ასევე პატარა მოცულობის თეატრ. პიესა ანდა ნარკვევი, მოთხრობა და მცირე ზომის მუს. პიესა. ქართ. ლიტ-რაში მ. განსაკუთრებით პოპულარული გახდა XX ს. დასაწყისში, როდესაც მოდერნისტული ძიებები დაიწყო. ამ თვალსაზრისით სრულიად უნიკალურია ნ. ლორთქიფანიძე, რ-მაც იმპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით შექმნა ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუშები. ცნობილია ასევე ს. ცირეკიძისა და შ. დადიანის მ-ები. მინიატიურული ნაწარმოებებით იქმნება ამ ჟანრის თეატრის რეპერტუარიც. სამწუხაროდ, მ. ნელ-ნელა მივიწყებას მიეცა.
ლიტ.: გაფრინდაშვილი ქ., მინიატურის კომპოზიციური თავისებურება, „კრიტერიუმი“, 2003, #8; ქართული მინიატურული პროზა, თბ.,1992; ჩუბინიძე მ., მინიატურა, როგორც ესთეტიკური მოვლენა, კრ.: კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა, თბ., 2002–03, #5–6.
ს. მეტრეველი