მინერალური რესურსები

მინერალური რესურსები, დედამიწაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგი. ადამიანმა ჯერ კიდევ უძველეს დროში ისწავლა სასარგებლო წიაღისეულის გამოყენება, რაც აისახა კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების პერიოდების სახელწოდებებში – ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა. მ. რ. განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი დარგების განვითარებას. საქართვ. რელიეფის რთულმა გეოლ. აგებულებამ განაპირობა მ. რ-ის მრავალფეროვნება, რაც უკავშირდება განსხვავებული გენეზისის ქანებს და გავრცელებულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. საქართვ. ტერიტორიაზე აღმოჩენილი და შესწავლილია მრავალი სახის სასარგებლო წიაღისეულის საბადო. საქართველოში გავრცელებული წიაღისეულიდან საწარმოო დანიშნულებით გამოირჩევა სათბობ-ენერგეტიკული რესურსები, შავი და ფერადი ლითონები, სამთო-ქიმ. ნედლეული, საშენი მასალები და მინერ. წყლები.