მინდოდაური ხვარამზე სამუკას ასული

მინდოდაური ხვარამზე სამუკას ასული, XIX ს. ქართველი სახალხო მთქმელი, ფშაველი მელექსე ქალი. ჩვენამდე მოღწეულია მ-ის რამდენიმე სატრფიალო ლექსი. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ლექსმა „სიყვარული ვაჟიკასი და ხვარამზისა“, რ-იც შეყვარებული ქალ-ვაჟის დიალოგს წარმოადგენს. ტექსტი თავდაპირველად ჩაწერა პ. უმიკაშვილმა (1886), შემდგომ – ი. ჭავჭავაძემ, დ. ხიზანიშვილმა, თ. რაზიკაშვილმა. ლექსი გამოქვეყნდა 1934. პირველი ცნობები ვაჟიკასა და მელექსე ქალის ვინაობაზე ეკუთვნის თ. რაზიკაშვილს; მ. ვაჟა-ფშაველას დედის – გულქანის თანატოლი და მეგობარი ყოფილა. 2011-იდან სოფ. არტანში (თიანეთის მუნიციპ.) ტარდება სახალხო დღესასწაული და ლიტ. კონკურსი პოეტ ქალთა შორის – „ხვარამზე“, რ-იც მ-ის სახელს უკავშირდება.

თხზ.: ვერცხლის თასადამც მაქცია, შეადგინა ი. გოგოლაურმა, თბ., 1976.

ლიტ.: გოგოლაური თ., ვერცხლის თასადამც მაქცია: ფშაველი პოეტი ქალი ხვარამზე სამუკაშვილი, თბ., 2012; ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956.

გ. ჭელიძე