მინდია, ხოგაის მინდი, ქართული ფოლკლორის პერსონაჟი. არხოტელი ხევსურის, ხოგაის შვილმა მ-მ, რ-იც ქაჯების ტყვე იყო, თვითმკვლელობის მიზნით მათი საკვები – გველის ხორცი ჭამა (ზოგი თქმულებით, გველის ხორცი მ-მ გუგულების პატარა კაცუნების ქვეყანაში ჭამა, სადაც ქაჯებიდან თავდახსნის შემდეგ მოხვდა), მაგრამ სიკვდილის მაგიერ ჯადოსნური ძალა შეიძინა – შეიცნო ბუნების საიდუმლო. ამიერიდან მ-ს ესმოდა მცენარის, ფრინველის, ცხოველის ენა; იცოდა, თუ რა სწყინდა და ეამებოდა ღვთისშვილებს. ამ უნარს ხალხის სასიკეთოდ იყენებდა – გახდა უებარი მკურნალი, მისანი და წინასწარმეტყველი (მარჩიელი). ხოგაის მინდის „ამბავი“ პირველად ჩაწერა ა. შანიძის ინფორმატორმა ბ. გაბურმა 1914. თქმულება მ-ს შესახებ საფუძვლად დაედო ვაჟა-ფშაველას პოემა „გველისმჭამელს“, კ. გამსახურდიას ნოველა „ხოგაის მინდიასა“ და გ. რობაქიძის პიესა „ლამარას“.
ლიტ.: გაბელაია ა., ხოგაის მინდი, თბ., 2015; გოგოჭური დ., ხევსურული საგმირო პოეზია და გმირები, თბ., 1977; კიკნაძე ზ., ქართული ფოლკლორი, თბ., 2007; ქართული ფოლკლორი, [ტ.] 4, თბ., 1974.