მინდვრის თაგვი

მინდვრის თაგვი (Apodemus agrarius), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგიდან (Rodentia), თაგვისებრთა ოჯახიდან (Muridae). სხეულის სიგრძეა 85–125 მმ, კუდის სიგრძე – 68–89 მმ, ტერფის სიგრძე – 18,5–22 მმ, ყურის სიმაღლე – 11–13,5 მმ, მასა – 14,2–28. სხეულის ზედა ნაწილის შეფერილობა მოწითურო-რუხია, ზოგჯერ ჟანგმიწის ელფერი დაჰკრავს. ზურგზე შავი ან მოყავისფრო-შავი ზოლი გასდევს. აქვს უხეში ბეწვი. ქვედა მხარე ბაცია, ძირები – მუქი ნაცრისფერი, ფართოდ გავრცელებული პალეარქტიკული სახეობაა. არეალი დანაწევრებულია ევროპა-სამხრ. ციმბირულ და შორეულ აღმ.-ჩინურ მონაკვეთებად. ჩრდ. კავკ. მონაკვეთი შედგება რამდენიმე ლოკალური სუბპოპულაციისაგან. სამხრ. საქართველოში გავრცელებულია აფხაზეთის დაბლობში, ამჟამად გვხვდება სამეგრელოშიც. საქართველოში ნაპოვნია ზ. დ. 300 -მდე, ჩრდ. კავკასიაში – 1000 -მდე, სხვაგან კი 2000 -მდეც ადის. ბინადრობს ძირითადად ხშირი ბალახითა და განვითარებული ბუჩქნარით დაფარულ ღია ნოტიო ლანდშაფტებში, გვხვდება ტყის ბიოტოპებშიც, ტყის პირებსა და ბუჩქნარში. მრავლდება წელიწადში 3–4-ჯერ, ბადებს 2–7 წრუწუნას. სიცოცხლის ხანგრძლივობა 2–3 წელია. ბინადრობს თავის ამოთხრილ სოროში, ხის ფესვების ქვეშ და ქვაყრილებში. იკვებება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. არის 100-მდე სხვადასხვა ზოონოზური დაავადების მატარებელი. მაღალი რიცხოვნობისას დიდი ზიანი მოაქვს სოფლის მეურნეობისთვის. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) მიერ დაცვას არ საჭიროებს.

ა. ბუხნიკაშვილი