მინდელი ელიზბარ ონისიმეს ძე

მინდელი ელიზბარ ონისიმეს ძე [1 (14). II. 1910, სოფ. სორი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, − 7. VI. 1980, თბილისი], სამთო საქმის დარგის მეცნიერი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979), ტექ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1964), რსფსრ მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1970), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტის სამთო ფაკ-ტი (1931). 1933–37 მუშაობდა მოსკ. მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, 1937–54 – სსრკ ნახშირის მრეწვ. სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (სსრკ ნახშირის მრეწვ. მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე და სხვ.). იყო დონეცკის ქვანახშირის აუზის II მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული მაღაროების აღდგენის ორგანიზატორი და რეკონსტრუქციის ხელმძღვანელი (1944–54), სსრკ მეცნ. აკად. ა. სკოჩინსკის სახ. სამთო საქმის ინ-ტის ლაბორ. ხელმძღვანელი და განყ-ბის უფროსი (1954–65), ამავე ინ-ტის ქანების რღვევის ფიზ.-ტექ. მეთოდების განყ-ბის ხელმძღვანელი (1965–73), საქართვ. მეცნ. აკად. გ. წულუკიძის სახ. სამთო მექან. ინ-ტის დირექტორი (1973–80).

მ. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა, რ-ებიც ეძღვნება საშახტე მშენებლობის, ქანის რღვევის პროცესებისა და ღრმა ჰორიზონტებზე ქანების გამოტყორცნის ფიზ. საკითხებს, ლითონის აფეთქებით განმტკიცებას და სხვ. მიღებული აქვს 3 ლენინის ორდენი და სხვა სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Буровзрывные работы при подземной добыче полезных ископаемых, М., 1966; Разрушение горных пород, М.,1974.

ა. არდიშვილი