მინდელი გივი ვალერიანის ძე

მინდელი გივი ვალერიანის ძე (3. VI. 1929, თბილისი, – 1. II. 2011, იქვე), ელეტროტექნიკის დარგის მეცნიერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნიერების დამს. მოღვაწე (1983). დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) ელექტროტექნიკური ფაკ-ტი (1953). მუშაობდა სამთო საქმის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1953–70), შემდეგ – მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნ.-კვლ. საპროექტო-საკონსტრუქტორო ინ-ტის დირექტორად (1970–2000), ამავე ინ-ტის ბაზაზე შექმნილი მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის სამეცნ.-კვლ. ცენტრის (სსიპ) დირექტორად (2000–07).

მ-ის სამეცნ. საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სამთო საქმის ელექტრიფიკაციის პრობლემებისა და ელექტრული მანქანების სპეციფ. ტექნოლ. პროცესების კვლევა, სპეც. ტექნოლ. დანადგარების დამუშავება. არის სამეცნ. ნაშრომების, გამოგონებებისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი. მისი ერთ-ერთი გამოგონების ლიცენზია შეიძინა შვეიცარიულმა ფირმა „მიკაფილმა“.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (1997).

ლ. ჭელიძე