მინდა ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში. მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპ-ში, სოფ. წესის მახლობლად, მდ. რიონისა და ლუხუნის შესართავთან, მაღალ კლდოვან კონცხზე. ეკუთვნოდა რაჭის ერისთავებს. ვახუშტი ბაგრატიონის თანახმად: „ამ ლუხუნის აღმოსავლით კიდის მაღალს კლდის გორასა ზედა და რიონის ჩდილოთ არს ციხე მინდა, მაგარი და აუღებელი მტრისაგან“. ციხე ნაგებია ნატეხი და რიყის ქვის შერეული წყობით კირის დუღაბზე. ამჟამად ძლიერ დაზიანებულია. ციხის ნაგებობებიდან შემორჩენილია გალავნისა და სამი კოშკის ნაწილები; მათგან ერთი ცილინდრულია, ხოლო ორი – ოთხკუთხა. წყაროებში პირველად იხსენიება XVII ს-ში. აკონტროლებდა დას. საქართვ. მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრის – ონისკენ მიმავალ გზას.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ბოჭორიძე გ., რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994.