მინგეჩაურის არქეოლოგიური კომპლექსი, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი (ძვ. წ. III ათასწლ. – ახ. წ. XVII ს.), რ-იც მდებარეობს ბოზდაღის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. მტკვრის ორივე ნაპირზე (აზერბაიჯანის რესპ.). შესწავლა დაიწყო XIX ს. მიწურულიდან. სისტემატური გათხრები მიმდინარეობდა 1946–53 (ხელმძღვ. ს. კაზიევი). ყველაზე ადრეულია ძვ. წ. III ათასწლ. №1 ნამოსახლარის ქვედა ფენა და სამარხები, რ-ებიც მტკვარ-არაქსის კულტურას განეკუთვნება. ამავე ნამოსახლარის შუა ფენა, ორმოსამარხები და გორასამარხები განეკუთვნება ხოჯალი-გადაბეიურ კულტურას (ძვ. წ. II ათასწლ. ბოლო – I ათასწლ. დასაწყ.). შესწავლილია ამ ხანის ნასახლარები, სამეურნეო ორმოები, კერამ. ქურები და 200-ზე მეტი სამარხი. აღმოჩენილია ძვლის საკრავები (სტვირი-ფლეიტები). ადრინდელი რკინის ხანისაა (ძვ. წ. VIII–II სს.) ამავე ნამოსახლარის ზედა ფენა და რამდენიმე სამარხეული კომპლექსი. განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნის ძვ. წ. II ს. – ახ. წ. I ს. 300-ზე მეტი ქვის სამარხი. გათხრილია აგრეთვე 30-ზე მეტი სამეთუნეო ქურა, I–VIII სს. 200-ზე მეტი კატაკომბი (აქამდე უცნობი სამხრ. კავკასიაში). მათში იყო თიხის, მინისა და ვერცხლის ჭურჭელი, გამოსახულებიანი ბეჭდები, ქვის იარაღი, ოქროს საყურეები და სხვა სამკაული, არშაკიდებისა და ბერძნ.-რომაული მონეტები, სასანური საბეჭდავები. შუა საუკუნეების ძეგლებია №2–3 (III–XIII სს.) და №4 (XIV–XVII სს.) ნამოსახლარები, V–VIII სს. – ალბანური ქრისტ. ტაძარი, ქრისტ. და მუსლ. სამარხები და სხვ. საყურადღებოა ჯვრის ქვის ბაზისი და კერამ. სასანთლეების ფრაგმენტები, რ-ებზეც ალბანური წარწერებია შემორჩენილი. მ. ა. კ. მნიშვნელოვანი ძეგლია აზერბ. და მეზობელი ქვეყნების კულტურის, ისტორიისა და სოც.-ეკონ. განვითარების შესასწავლად 4 ათასწლეულის განმავლობაში.
ლიტ.: Асланов Г. М., Ваидов Р.М., Ионe Г. И., Древний Мингечаур (Эпоха энеолита и бронзы), Баку, 1959; Казиев С. М., Археологические раскопки в Мингечауре, кн.; Материальная культура Азербайджана, т. 1, Баку, 1949.