მინბაში (თურქ. minbaşi – ათასისთავი, ათასეულის მეთაური), „საქვეყნოდ გამრიგე“ ადგილობრივი სამხედრო მოხელე, ციხისთავი, მეციხოვნე. მ. მნიშვნელოვანი ფიგურა იყო აღმ-ის ქვეყნებისა და ქართ. სამოხელეო აპარატში.
ტერმინი მ. საქართველოში ჩნდება XVII ს-იდან, როსტომის (1632–58) მეფობის პერიოდიდან, როდესაც აღმ. საქართველოში ძლიერდება ირანის გავლენა. ამ დროისათვის მ. თბილ. ციხის სპარსული გარნიზონის უფროსად, ირანის მოხელედ ითვლებოდა. მ., როგორც საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელი, ვეზირსა და მუსტოფთან ერთად ჩაენაცვლა ქართ. ციხისთავს. მ. უშუალოდ ემორჩილებოდა მოურავს.
მ-ის შესახებ მასალა დაცულია ქართ., სპარს. და ქართ.-სპარს. ისტ. დოკუმენტებში. ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში“ მოხსენიებულია მ-ის სახელო და ჩამოთვლილია საბაჟო გადასახდელები, ე. წ. „სამინბაშო ბაჟი“, რ-ებიც უნდა აეკრიფა თბილ. (ქალაქის) მ-ს სხვადასხვა საქონელზე (ქსოვილები, კვების პროდუქტები, რკინის ნაწარმი და სხვ.). მ. თბილ. გარნიზონის უფროსად ითვლებოდა ერეკლე II-ის (1720–98) დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ XVIII ს. II ნახ-ში აღმ. საქართვ. ციხე-ქალაქებში საოკუპაციო გარნიზონები აღარ იდგა, ქართვ. ციხისთავებს მ-ს სახელწოდება შემორჩათ. მ-ები იყვნენ გორში, სურამში, თბილისში, ცხინვალში, რ-თაც, უმრავლეს შემთხვევაში, სამხ. მოვალეობის გარდა, მმართველობის საერთო ფუნქციაც (ციხის მოვლა, მისი იარაღითა და პროდუქტებით მომარაგება, ციხის მცველების შერჩევა) ეკისრებოდათ. ერეკლე II-მ, სამხ. რეორგანიზაციის შემდეგ მორიგე ჯარის გაწვრთნა მ-ებსა და უზბაშებს ჩააბარა, მათ დაუქვემდებარა დაქირავებული ჯარიც. მ. იყო ათასისთავი, ხოლო უზბაში – ასისთავი. მათ ასევე ევალებოდათ წესრიგის უზრუნველყოფა, ჯარისკაცებისთვის თვალყურის დევნება, რათა შეკრების ადგილებში სოფლები არ დაეზარალებინათ.
მთავარმართებელ პ. ციციანოვისადმი ზაზა ამირეჯიბის მიერ წარდგენილ მოხსენებაში მითითებულია ერეკლეს დროინდელი მ-ის ჯამაგირი და სარგო (ულუფა): „მქონდა წელიწადში ოცდაათი თუმანი ჯამაგირი... დღეში ორი ლიტრა პური, კვირაში სამი ლიტრა ხორცი ცხვრისა. დღეში ერთის შაურის სანთელი. კვირაში ერთი ლიტრა მარილი. კვირაში სამი თუნგი ღვინო; აგრეთვე სამარხოში – სამარხო და თევზი და ხიზილალა.“ ჯამაგირს და ულუფას მ. „სამინბაშო ბაჟიდან“ იღებდა.
ლიტ.: თბილისის ისტორია, ტ. 1, თბ., 1990; მესხია შ., საქალაქო წყობილება გვიანფეოდალურ საქართველოში, წგ. საისტორიო ძიებანი, ტ. 2, თბ., 1983; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, ქართლის სახელმწიფოებრივი წყობილება გვიანფეოდალურ პერიოდში, თბ., 1952; ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში (ენციკლოპედიური ლექსიკონი), თბ., 2017.
ი. უჯმაჯურიძე