მინასიპი

მინასიპი, მინასპი, ყოველდღიური საგალობელი წმინდანების სახელზე. მას სხვაგვარად „ქება ქებულთა“, ანუ წმინდანთა საქებელი საგალობლები ეწოდება. არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ტერმინი მომდინარეობს „მუნასიბიდან“ (ე. კოჭლამაზიშვილი), რაც ექსპრომტად ვინმეს საქებად თქმული ლექსის აღმნიშვნელია. მ. წმინდანთა ხსენებას, უფალთან მეოხებას და მათ მიმართ პატივისცემას გამოხატავს. მ-ის საგალობლები კალენდარული თანამიმდევრობითაა დალაგებული. საგალობელთა სანოტო ხელნაწერებში მ-ის რამდენიმე ნიმუში მოიპოვება. ერთ-ერთ მ-ში მოხსენიებული არიან ქართვ. წმინდანები, ასურელი მამები: „ღირსთა მამათა ჩვენთა, იოანე ზედაზნელისა, ანტონ მარტყოფელისა, შიო მღვიმელისა, დავით გარეჯელისა, თადეოზ სტეფანწმიდელისა, პიროს ბრეთელისა, ზენონ იყალთოელისა, მიქელ ულუმბოელისა, ისიდორე სამთავნელისა, სტეფანე ხირსელისა, ილარიონ ქართველისა, გრიგოლ ხანძთელისა, ილია დიაკონისა, გაბრიელ და იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელთა და მთარგმნელთა, გთხოვთ, დიდების აღვლენით, ევედრეთ ღმერთსა სულთა ჩვენთათვის“. 1925 მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ერთ-ერთ ძველ ხელნაწერ სძლისპირთა კრებულში მ-ისთვის მიუკვლევია ე. კერესელიძეს [იხ. ექვთიმე (კერესელიძე)] და ნოტებზე გადაუღია. მათ შორის იყო სრულიად საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასის სახელზე შექმნილი საგალობლები.