მინადოი ჯოვანი ტომაზო

მინადოი ჯოვანი ტომაზო (Minadoi Giovanni Tomaso) (დაახლ. 1549, ფერარა, – 29. V. 1615, ფლორენცია), ექიმი. მიღებული ჰქონდა მედიცინის დოქტორის ხარისხი პადუას უნ-ტში (იტალია, 1576), მუშაობდა ექიმად როვიგოსა და ვენეციაში, 1578–86 – ალეპოსა და კონსტანტინოპოლში ვენეციის საკონსულოში. მისი თხზულება „სპარსელებსა და თურქებს შორის წარმოებული ომის ისტორია“ (Histoia della guerra fra Turchi et Persiani, Venecia, 1588) შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს 1578–90 ირან-ოსმალეთის ომისა და საქართვ. ტერიტორიაზე წარმოებული ბრძოლების შესახებ. ომის მსვლელობისას მ. ალეპოში ცხოვრობდა და თავისი პროფესიიდან გამომდინარე, გაეცნო ქართველებსაც. ნაშრომში ვრცლადაა აღწერილი საქართვ. პოლიტ. მდგომარეობა, ქართვ. ხალხის ბრძოლა ყიზილბაშების წინააღმდეგ, სიმონ I-ის საგმირო საქმეები, უთანხმოება სიმონსა და მის ძმა დავითს (იხ. დავით XI) შორის, დავითის გამაჰმადიანება, ყიზილბაშების მიერ სიმონის დატყვევება ალამუთის (მ-ის მიხედვით კაჰკაჰე) ციხეში (1569–78), მისი ურთიერთობა ისმაილ-მირზასთან (შაჰ ისმაილ II 1576–77) და სხვ. აგრეთვე მოგვითხრობს ოსმალების ურთიერთობაზე კახეთის მეფე ალექსანდრე II-თან. მ-ის ცნობით, კახეთის სამეფოსთან, რ-იც დამოუკიდებლობისკენ ისწრაფოდა, ურთიერთობის მოგვარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოსმ. სახელმწიფოსათვის. მისივე ცნობით ოსმალებთან საქმის მოგვარებას ხელი შეუწყო ალექსანდრე II-ის გაფუჭებულმა ურთიერთობამ შაჰ თამაზთან, რ-საც მისი გამაჰმადიანებული ძმის, იესეს გამეფება სურდა.

მ. აღწერს დედისიმედის (ქაი­ხოსრო II ჯაყელის მეუღლე) მუსტაფა ლალა ფაშასთან ბანაკში მისვლის ამბავს. დედისიმედმა მას ძღვენი მიართვა, მორჩილება გამოუცხადა და უფროსი ვაჟი ალექსანდრე (იგივე ყვარყვარე) მძევლად დაუტოვა (უმცროსი მანუჩარი უკვე ლალა-ფაშასთან იყო); მ. მოგვითხრობს იმ ზეიმის შესახებ, რ-იც მოუწყვეს ბანაკში მისულ მანუჩარს (ლალა ფაშამ მას აწყურის სანჯაყი უბოძა) და მის თანმხლებთ; მანუჩარის მიერ სარწმუნოების შეცვლასა და მუსტაფად წოდებაზე, მისი ოსმალთა სარდალ მეჰმედ ფაშასთან ურთიერთობაზე, რ-მაც სპარსელებთან განცდილი მარცხის ქართველებისათვის დაბრალება სცადა. ამას მანუჩარისა და მისი ერთგული თანამებრძოლებისაგან მეჰმედ ფაშას მკვლელობა მოჰყვა. მოგვითხრობს ასევე სამცხეში მანუჩარის მიერ მოწყობილ აჯანყებაზე – მან უარყო მაჰმადიანობა და თავი მანუჩარ II ათაბაგად გამოაცხადა. აჯანყება იმდენად სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ოს­მალთა ყოფნას სამცხეში, რომ საბოლოოდ სულთანმა დათმობა არჩია.

ლიტ.: თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, 1577–1581, იტალიურიდან თარგმნა ე. მამისთვალიშვილმა, თბ., 1987; მამისთვალიშვილი ე., სა­ქარ­თველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV–XVI სს), თბ., 2009; სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, XVI–XVII სს, თბ., 1971.

ე. მამისთვალიშვილი