„მინა“ (სააქციო საზოგადოება), მინის ტარის მწარმოებელი კომპანია. დაარსდა 1987 ივლისში სოფ. ქსანში (მცხეთის მუნიციპ.) ქსნის მინის ტარის ქ-ნის სახელწოდებით. იმ პერიოდისთვის ეს იყო საბჭ. კავშირში დარგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და თანამედროვე ქ-ნა 3 ღუმლითა და 8 საწარმოო ხაზით. გამოყენებული იყო იტალ. ტექნოლოგიები. საწარმო 1995 ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბად და ეწოდა „მ.“ (100% სახელმწ. წილით). 1997 კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა თურქ. სამრეწვ. ჰოლდინგმა – „შიშეჯამმა“ (შედის მსოფლიოში მინის მწარმოებელი კომპანიების პირველ ხუთეულში), რ-იც 2016-იდან კომპანიის აქციების 100%-ის მფლობელი გახდა. პრივატიზაციის შემდეგ არაერთხელ განხორციელდა საწარმოს რეკონსტრუქცია-გადაიარაღება, მწყობრში ჩადგა ახ. ღუმლები. ამჟამად მუშაობს 2 ღუმელი 4 საწარმოო ხაზით. ქ-ნის სიმძლავრეა 75 ათასი ტ წელიწადში (დაახლ. 260 მლნ. ერთეული; 2023 წ.). 1998–2023 განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობამ შეადგინა დაახლ. 90 მლნ. აშშ დოლარი.
ქ-ნა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით და შეუძლია აწარმოოს 200-იდან 1500 მლ-მდე მოცულობის ნებისმიერი სირთულის პროდუქცია – მინის ბოთლი ყველა სახეობის ღვინის, ლუდის, სხვა სპირტიანი და გამაგრილებელი სასმელებისათვის და საკონსერვო დანიშნულების მინის ქილა. კომპანია უშვებს როგორც მუქი (მწვანე, მუქი მწვანე), ისე ღია ფერის (ღია ცისფერი, ღია მწვანე, გამჭვირვალე) პროდუქციას, მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ ციკლს ბოთლის ორიგინ. დიზაინის შემუშავებიდან მზა პროდუქციის ადგილზე მიწოდების ჩათვლით. მინის წარმოებისათვის გამოიყენება შემდეგი ძირითადი ნედლეული: კვარცის ქვიშა, კალცინირებული სოდა, დოლომიტი, კირქვა. კალცინირებული სოდის გარდა (შემოდის უკრაინიდან, ბულგარეთიდან და თურქეთიდან) ყველა ნედლეული მოიპოვება საქართველოში.
„მ-ის“ პროდუქციის მომხმარებლები არიან საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების საწარმოები.
კომპანიას მიღებული აქვს სერტიფიკატები: ISO 9001:2015 (ხარისხის მენეჯმენტის სისტემა), ISO FSSC 22000 (სურსათის უვნებლობა და რისკების მენეჯმენტი), ISO 45000 (შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება), ISO 14001 (გარემოს მენეჯმენტის სისტემა).