მიმოზა

მიმოზა (Mimosa), მცენარეთა გვარი მიმოზისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქები, ლიანები და ხეებია. აქვთ თავაკებად ან თავთავისებრ ყვავილედებად შეკრებილი წვრილი ყვავილები და პარკი ნაყოფი. თანაფოთლები ხშირად ეკლებად არის ქცეული.

მ-ის 450–500 სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ტროპ. და სუბტროპ. ამერიკაში. მორცხვი მ. (M. pudica) ბუჩქი ან ნახევრად ბუჩქია. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. შეხების ან დარტყმის საპასუხოდ, აგრეთვე შებინდებისას ფოთოლაკებს კეცავს და ქვევით ხრის.

ზოგჯერ მ-ს უწოდებენ შავი ზღვის სანაპიროზე მოშენებულ აკაციის გვარის სახეობებსაც, განსაკუთრებით კი ლეგა აკაციას.