მიმინოშვილი რომან სევერიანეს ძე

მიმინოშვილი რომან სევერიანეს ძე (3. V. 1928, სოფ. სუჯუნა, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 3. III. 1998, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1968). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1952). 1958-იდან იყო შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, 1974-იდან – საქ. სსრ კპ ცკ-ის კულტ. განყ-ბის გამგის მოადგილე, 1981-იდან – საქართვ. მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი. პირველი ლექსი 1945 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ელადის მუზა“ (ანტ. ბერძნ. პოეზიის ანთოლოგია) – 1963. მისი ძირითადი ნაშრომებია: «იოანე დამასკელის „გარდამოცემის“ ქართული თარგმანები» (1966, 2006), „მოძმე ლიტერატურათა მეგობრობა“ (1972, რუს. ენაზე; თანაავტ. ი. ბოგომოლოვი), „გვიამბობს მოხუცი ჰომეროსი“ (1978), იუმორისტულ ნაწარმოებთა კრებ. „ბურთი ჩვენი არსობისა“ (1970), „ლექსები, პროზა, თარგმანები, პუბლიცისტიკა“ (2009) და სხვ. ქართულად თარგმნა ვერგილიუსის „ენეიდა“ (1976) და ჰომეროსის „ილიადა“ (1979). 1992 მ. იყო საქართვ. რესპუბლიკის სახელმწ. საბჭოს, 1992–95 – საქართვ. მე-3 მოწვევის, ხოლო 1995–98 – მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი.

1994 მიენიჭა ი. მაჩაბლის სახ. პრემია.

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მ. თუშიშვილი