მიმინოშვილი ალექსი იაკობის ძე

მიმინოშვილი ალექსი იაკობის ძე [3 (16). XI. 1911, სოხუმი, – 12. V. 1967, თბილისი], არქიტექტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961), სტალინური პრემიის ლაურეატი (1950). დაამთავრა თბილ. საინჟ.-სამშენებლო ინ-ტი არქიტექტორის სპეციალობით (1933). მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში: „აფსახპროექტი“ (1933–35), „საქსოფლმშენპროექტი“ (1936–39), „საქსახპროექტი“ (1940–41), „საქჰიდროენერგომშენი“ (1950–59) და სხვ. 1935–39 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა სოხუმის ინდუსტრ. ტექნიკუმის სამშ. ფაკ-ტზე. მ. თავის პროექტებში იყენებდა კლასიკური და ეროვნ. ხუროთმოძღვრების ფორმებს. საკონკურსო პროექტები: სასტუმრო „აფხაზეთი“ (1935, სოხუმი, პირველი პრემია); დახურული კონკურსი საზაფხულო თეატრის პროექტზე (1937, სოხუმი, პირველი პრემია). მ-ის ძირითადი ნამუშევრებია: ღვინის ქ-ნა ხარაგაულში (1931–33), საცხოვრ. სახლები სოხუმსა (1937–39) და თბილისში ნ. ნიკოლაძის (1949, სტალინური პრემია), ზ. ფალიაშვილის, ვ. ბარნოვის (ამჟამად ჩინეთის საელჩოს შენობა; ორივე XX ს. 50-იანი წლები) ქუჩებზე; თბილ. კონიაკის ქ-ნის მთავარი კორპუსი (60-იანი წლები) და „საქკვებმრეწვსახპროექტის“ საწარმოო შენობა ი. ჭავჭავაძის გამზირზე (1972).