„მიმინო“

„მიმინო“, ერეკლე II-ის სა­ხელობის თელავის აერო­პორტი „მიმინო“, ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი. გაიხსნა 1983. მდებარეობს თელავიდან 2 კმ-ის დაშორებით სოფ. კურდღელაურში. XX ს. 90-იან წლებამდე სრულდებოდა შიდა რეისები. ამ პერიოდიდან 2012-მდე აეროპორტი აღარ ფუნქციონირებდა, 2012-იდან გადავიდა საქართვ. საავიაციო უნ-ტის ბალანსზე და მას ერეკლე II-ის სახელი მიენიჭა. 2012–22 ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები – სრულად განახლდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის 1000 მ-იანი ნაწილი, სამიმოსვლო ბილიკი და საჰაერო ხომალდის სადგომი. აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექ. მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრ. პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟ.-ტექ. პერსონალისათვის. აეროპორტი ძირითადად სასწ. დანიშნულებით გამოიყენებოდა. იქ პრაქტ. მომზადებას გადიოდნენ საფრენოსნო და საინჟ. ფაკ-ტის ქართვ. და უცხოელი სტუდენტები. უნ-ტი, გარდა სასწ. ფრენებისა, მის მფლობელობაში არსებული 2- და 6-ადგილიანი თვითმფრინავებით ახორციელებდა მგზავრთა კომერციულ გადაყვანასაც, ხოლო სხვა ავიაკომპანიებს საშუალება ჰქონდათ 20-ადგილიანი საჰაერო ხომალდებით განეხორციელებინათ კომერციული ფრენები. აეროპორტიდან შესაძლებელია საქართვ. მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურიზმი) ორგანიზება ტურისტებისათვის.

2023-იდან აეროპორტი „მ.“ გადაეცა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“. 2024-იდან დაიწყო თელავის ახალი, თანამედროვე ტერმინალის მშენებლობა.