მიმინო (Accipiter nisus), მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. დედალი ტანად მამალზე დიდია. მ-ს სხეულის სიგრძეა 31–41 სმ, მასა – 150–275 გ. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში (ეგვიპტე). არ გვხვდება ტუნდრის ზონაში. ბინადრობს საქართველოში. ბუდეს ხეზე იკეთებს. დებს 4–5 კვერცხს, კრუხობს 31–33 დღ-ღ. ამ პერიოდში დედალს და მართვეებს მამალი აჭმევს. მ. იკვებება უმთავრესად პატარა ჩიტებით (ორნითოფაგია), აგრეთვე მღრღნელებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებითა და მწერებით. დას. საქართველოს ზოგ რეგიონში მ-ს შავარდნის მაგივრად იყენებენ სანადიროდ, წვრთნიან მართვეს.
რ. ჟორდანია