მილჩენკო ანატოლი ვასილის ძე (26. III. 1938, ბორჯომი, – 28. XII. 2011, თბილისი), სპორტსმენი (ფეხბურთი), მსაჯი. დაამთავრა სოხუმის სუბტროპ. ინ-ტის ტექნოლ. ფაკ-ტი. სსრკ საკავშირო (1967) და საერთაშ. (1974) კატეგორიის მსაჯი. 1955 ფეხბურთს თამაშობდა ბორჯომის „ჩანჩქერში“ („განთიადი“), შემდეგ – თბილისის „ასკ-სა“ (1956–61) და სოხუმის „დინამოში“ (1962–63), ბოლოს კი – ტყვარჩელის ფეხბურთის გუნდში (1964). იყო 30-ზე მეტი საერთაშ. მატჩის, მ. შ. მოსკოვის ოლიმპიადის (1980), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირების, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისა (1979) და უეფას იუნიორთა ტურნირის (1975) არბიტრი. სულ სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იმსაჯა 202 მატჩი (1967–86, მეორე შედეგი), საქართვ. ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში – 38 (1990–92). 14-ჯერ დაასახელეს სსრკ საუკეთესო მსაჯად (1970–74, 1977–85). როდესაც საქართვ. ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) გამოეყო სსრკ ფეხბურთის ფედერაციას (1990), მ. მსაჯობდა საქართვ. ჩემპიონატისა და თასისთვის გამართულ მატჩებს (1990–92). იყო საქართვ. მსაჯთა კოლეგიის პრეზიდიუმის წევრი (1978–90), სფფ-ის მსაჯთა და საინსპექტორო კომიტეტის თავ-რე (1998–2005), კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ სპორტული დირექტორი (2005–10), სფფ-ის ახალგაზრდა მსაჯების მომზადების მენეჯერი (2010–11). 2000 აღიარეს XX ს. საქართვ. საუკეთესო არბიტრად. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1998).