მილორავა შოთა ერმილეს ძე (22. I. 1925, თბილისი, – 16. IV. 1990, იქვე), კომპოზიტორი, დირიჟორი, ქორმაისტერი, პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1979). 1944 დაამთავრა თბილ. I მუს. სასწავლებლის საფორტეპიანო განყ-ბა (პედ. ნ. მესხი, პარალელურად კომპოზიციაში მეცადინეობდა შ. მშველიძესთან), 1947 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის საკომპოზიციო განყ-ბა (პედ-ები: შ. მშველიძე, ა. ბალანჩივაძე). 1947–52 იყო საქართვ. სახელმწ. საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერი, პედაგოგი, ქორმაისტერი, 1952–90 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის პედაგოგი, ქორმაისტერი, დოცენტი (1973), პროფ. (1986), 1963-იდან კი – კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მუს. რედაქტორი. მ-ს შემოქმედების ძირითადი ჟანრია ოპერეტა, ასევე საგუნდო და სასიმღერო ნაწარმოებები. მ. ქართ. ოპერეტის კლასიკოსად ითვლება. არის 40-მდე ოპერეტის ავტორი („სასიძოები“, 1952; „საყვარელი დისშვილი“, 1955; „სიმღერა თბილისზე“, 1958; „მხოლოდ შენ ერთს“, 1960; „საბედისწერო ოპერაცია“, 1968; „სათაგური“, 1978; „ძუნწი“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“, ორივე 1981 და სხვ.). მ-ს ეკუთვნის აგრეთვე ა კაპელა და საგუნდო ნაწარმოებები ინსტრუმენტული თანხლებით: „ციცინათელა“, „ჩემი ოცნების ცისკარი“, „დედის ხსოვნას“, „მრავალჟამიერი“; რომანსები: „მე თქვენ მიყვარდით“, „ბარათაშვილის ხსოვნას“, „ჩონგურული“, „გოგომ ლამაზმა“; საესტრადო სიმღერები: „ჩემო კარგო“, „თოლია“, „ჩემო ჩიტუნია“, „ნუ შეგაშინებს ჩემი ჭაღარა“, „შენ გიმღერ ჩემო თბილისო“ (თავისსავე ლექსზე), „მოდი მალე“, „ისევ ის ბაღი და ...“, „ყვავილებში დამეკარგე“; მამაკაცთა გუნდისათვის – „არის ასეთი ქვეყანა“ და მრავალი სხვ. მ-ს ეკუთვნის აგრეთვე სიმფონიური პოემა „ელისო“ (1946); კანტატები: „მეგობრის ხსოვნას“, „აყვავებული მხარე“ (1973); მუსიკა დრამ. სპექტაკლებისთვის, მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებისთვის. მ-ს შემოქმედებას ახასიათებს მელოდიურობა, ლირიზმი, სატირული ელემენტები. მისი მუს. ენა ეყრდნობა ქართ. ფოლკლორს. თბილისში არის მ-ს სახელობის ქუჩა და საცირკო-საესტრადო ხელოვნ. სასწავლებელი.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: მესხი ნ., ისევ ის ბაღი, „მუსიკა“, 2011, №1; ტორაძე გ., ყველასთვის საყვარელი, წგ.: მუსიკის სამყარო, თბ., 2010; ჩხიკვაძე გ., საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორები, თბ., 1956.
მ. ჯაფარიძე