მილმართი

„მილმართი“ (შპს), ჩაის მწარმოებელი კომპანია. ჩამოყალიბდა 2011 „შემოქმედის ექსპერიმენტული ჩაის საწარმოს“ (შეიქმნა 1975) ბაზაზე. მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპ-ის სოფ. შემოქმედში. აწარმოებს უმაღლ. ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მწვანე და შავი ბაიხაოს ჩაის. საწარმო მარაგდება ადგილ. ნედლეულით, ფლობს ეკოლოგიურად სუფთა რეგიონში, კერძოდ გურიაში (სოფ. ნაგომარი) 3,5 ჰა ჩაის პლანტაციას, არ იყენებს მინერ. სასუქს, პესტიციდებს (შხამქიმიკატები), რაც განაპირობებს არომატული, ეკოლ. სუფთა ორგანული ნედლეულის მიღებას და შესაბამისად, სასარგებლო თვისებების, მაღალი ხარისხის მზა პროდუქციის წარმოებას. ჩაი იკრიფება ხელით (2–3 ფოთლოვანი დუყი). ამჟამად კომპანია კლასიკურ მეთოდებზე დაყრდნობითა და თანამედროვე იაპონური ტექნოლ. ხაზის გამოყენებით ყოველწლიურად საშუალოდ აწარმოებს 7–9 ათას კგ მსხვილფოთლოვან უმაღლ. ხარისხის მწვანე და შავ გრეხილ ჩაის, რ-ებიც მიეკუთვნება პრემიუმ სეგმენტს და ქართ. ბაზარზე წარმოდგენილია 12 სახეობის „შემოქმედის“ ბრენდით. კომპანია 2012-იდან ასევე აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა მთის ველური მოცვისა და მაყვლის ფოთლის ჩაის.

„მ-ის“ პროდუქცია მოიხმარება ადგილ. ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე ჩეხეთში, პოლონეთში, გერმანიაში, უკრაინაში, რუსეთსა და ინგლისში.

კომპანია მონაწილეობს ჩაის საერთაშ. გამოფენებში, სადეგუსტაციო ღონისძიებებსა და კონკურსებში. 2015 თბილისის ჩაის საერთაშ. ფესტივალზე მიღებული აქვს ოქროს მედალი და პირველი ადგილი საუკეთესო შავი და მწვანე ჩაის ნომინაციებში.

ლ. აბრამიშვილი