მილიცია

მილიცია (ლათ. Militia – სამხედრო სამსახური, მხედრობა), შეზღუდული სამხედრო წვრთნის მქონე პირთა შეიარაღებული გაერთიანება, რომელიც უმეტესად გამოიყენება ადგილობრივ თავდაცვით ღონისძიებებში.

მ. უძველესი წარმომავლობისაა. მაგ., მაკედონიას ფილიპე II-ის (ძვ. წ. 382–336) დროს ჰყავდა საგვარეულო მ. სანაპირო რ-ნებში დამპყრობელთა მოსაგერიებლად. ადრეული შუა საუკუნეების ევროპაში ანგლო-საქსების მ. არსებობდა ფირდის (fyrd – მილიციის მსგავსი წარმონაქმნი, რ-იც არსებობდა ინგლისში დაახლ. 605-იდან) სახით. მასში სამსახური მოეთხოვებოდა ყველა შრომისუნარიან თავისუფალ მამაკაცს. მსგავსი ორგანიზაციები არსებობდა სხვა ქვეყნებშიც, თუმცა შუა საუკუნეებში სამხ. არისტოკრატიის გაჩენამ, რ-იც სამსახურს მიწებზე კონტროლის მოპოვების სანაცვლოდ ასრულებდა, იწვევდა მ-ის დაშლას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პოლიტ. ძალაუფლება უფრო ცენტრალიზებული, ცხოვრება კი უფრო უსაფრთხო გახდა. ზოგიერთ ქვეყანაში მონარქიის აღზევებასთან ერთად მ. ცოცხალი ძალით ემსახურებოდა რეგულარულ ჯარს.

1908 დიდ ბრიტანეთში შინაგანი თავდაცვის მიზნით შეიქმნა მ-ის მსგავსი ტერიტორიული ძალები, 1921-იდან – ტერიტორიული არმია, II მსოფლიო ომის დროს კი (მ-ის პრინციპით) – შინაგანი გვარდია.

სსრკ-ში მ. წარმოადგენდა აღმასრულებელ ადმინ. ორგანოს, რ-ის ამოცანას შეადგენდა საზ. წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა, საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისა და სხვა ანტისაზოგადოებრივი ქმედებისგან. მ-ის ორგანიზაციისა და საქმიანობის საფუძვლები განისაზღვრებოდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წ. 8 ივნისის ბრძანებულებით „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და დამნაშავეობასთან ბრძოლაში საბჭოთა მილიციის ძირითად მოვალეობათა და უფლებათა შესახებ“.

მ-ის ორგანოები არსებობდა ასევე ზოგიერთ სხვა სოციალ. ქვეყანაში.

საქართველოში მ. შეიქმნა 1921 და შედიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში. ადგილებზე იქმნებოდა შინაგან საქმეთა განყ-ბები (სამმართველოები). არსებობდა ტრანსპორტისა და საუწყებო მ.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწ. საბჭოს 1992 წ. 17 ივნისის დეკრეტით საქართველოს რესპუბლიკის „პოლიციის შესახებ“ შეიქმნა თანამედროვე პოლიციის წინამორბედი. დეკრეტი გაუქმდა 1993 წ. 27 ივლისის კანონით „პოლიციის შესახებ“.

იხ. აგრეთვე სტატია პოლიცია.

ი. უჯმაჯურიძე