მიკროეკონომიკა

მიკროეკონომიკა (<ბერძნ. mikros – მცირე), ეკონომიკური მეცნიერების ნაწილი ფირმების, შინამეურნეობებისა და მომხმარებლების მიერ შეზღუდული რესურსების გამოყენების, განაწილებისა და მოხმარების არჩევნის, ასევე გადაწყვეტილებების მიღების კანონზომიერებათა შესახებ. მ-ის კვლევის ობიექტებია პროდუქტი, ფასი, ბაზარი, ეკონ. სუბიექტის ქცევა, რ-ებიც განმარტავს ეკონ. პოლიტიკის (მაგ., გადასახადის) ზემოქმედებას მეწარმეობასა და მოხმარებაზე, აანალიზებს ბაზრის წარუმატებლობას, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფს საბაზრო მექანიზმები ეფექტიანი შედეგების მიღებას.

მ-ის ძირითადი პრინციპია მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედება როგორც ფასწარმოქმნის საფუძველი და ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. საქონელზე ფასწარმოქმნის თეორია განავითარეს XVIII–XIX სს. კლასიკური ეკონომიკის წარმომადგენლებმა (ჯ. მილი, ა. სმიტი, ა. მარშალი). ა. სმიტმა დაასაბუთა „ბაზრის უხილავი ხელის“ არსებობა, რ-ის თანახმად, ბაზარი მიდრეკილია უზრუნველყოს საქონლის მიწოდება და მომსახურება. „ბაზრის უხილავი ხელი“ რეაგირებს მოთხოვნისა და მიწოდების ცვლილებებზე. ის ყოველთვის წარმართავს ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რ-თა შედეგები მისდა უნებურად ხელს უწყობს საზ-ბის კეთილდღეობას.

XIX ს. II ნახ-ში მ. დაეფუძნა წარმოშობით ფრანგი მეცნიერის ლ. ვალრასის მიერ შექმნილ ზოგადი წონასწორობის თეორიას (1874), რ-ის თანახმად, ფასებსა და მოთხოვნა-მიწოდებას შორის ურთიერთქმედების საფუძველზე მყარდება ზოგადი წონასწორობა ყველა ბაზარზე.

მიკროეკონომიკური თეორიის გავრცელებული პრინციპებია ეკონ. სარგებლიანობა და რაციონალურობა. ამ პრინციპებმა პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში. მწარმოებლის რაციონალური არჩევანია საწარმოო პროცესში გამოყენებული რესურსების ისეთი კომბინაცია, რ-იც მინ. დანახარჯებით უზრუნველყოფს მაქს. მოგებას. ანალოგიურად მომხმარებელი აკეთებს რაციონალურ არჩევანს პროდუქტთა ნაკრების შეძენისა და მოხმარებისას.

XIX ს. 70-იან წლებში ავსტრიული სკოლის წარმომადგენლებმა (კ. მენგერი, ი. ფონ ბომ-ბავერკი, ფ. ფონ ვიზერი და სხვ.) საფუძველი ჩაუყარეს ზღვრული სარგებლიანობისა და ზღვრული დანახარჯის თეორიას, რ-ის თანახმად ეკონ. სუბიექტი არჩევანს აკეთებს იმის მიხედვით, თუ რა სარგებლის მიღება შეიძლება საქონლის დამატებითი ერთეულიდან. კლასიკური ეკონომიკის თეორიების თანამედროვე ინტერპრეტაცია აისახა ნეოკლასიკურ თეორიაში, რ-მაც აქცენტი გადაიტანა ისეთ ახ. მოვლენებზე მ-ში, როგორიცაა „ბაზრის ჩავარდნა“ და ეფექტიანობა. „ბაზრის ჩავარდნა“ დაკავშირებულია იმ მდგომარეობასთან, როდესაც წარმოება მოთხოვნაზე ნაკლებ პროდუქციას უშვებს ან როდესაც წარმოებისა და მოხმარების გადაწყვეტილებებს აქვს მავნე (ან დადებითი) ეფექტი მესამე მხარისთვის, რ-იც არ არის მოცემული ეკონ. საქმიანობის მონაწილე.

II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ეკონ. სუბიექტების ქცევების ასახსნელად სულ უფრო ინტენსიურად იყენებენ მათემატიკას.

XX ს. ბოლოს მ-ის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენცია დაკავშირებულია ქცევითი ეკონომიკის ასპექტების შესწავლასა და ფსიქოლოგიის გამოყენებასთან ეკონ. სუბიექტის ქცევის დასახასიათებლად. ქცევითი ეკონომიკის არსებითი ელემენტია რაციონალური არჩევნის თეორია, რ-ის თანახმად ეკონ. სუბიექტი ხშირად არ არის რაციონალური და არ ცდილობს სარგებლიანობის მაქსიმიზაციას. ამ თეორიით აიხსნება ეკონ. ბუმი და ვარდნა.

მ-ის თანამედროვე მიმართულება დაეფუძნა ინსტიტუციური ეკონომიკის პრინციპებს, საზ-ბისა და ინ-ტების როლს ეკონ. ქცევის ჩამოყალიბებაში. XXI ს. დასაწყისიდან მ-ში გაძლიერდა მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა, რაც ერთმანეთთან აკავშირებს საწარმოთა ეკონ. მიზნებს, ისე გარემოსდაცვით ქცევებსა და საწარმოს სოც. პასუხისმგებლობის ზრდას.

საქართველოში ეკონ. სუბი­ექტების ქცევის საკითხი ყოველ­თვის იყო ქართვ. საზ. მოღვაწეთა ყურადღების საგანი. უძველეს ქართ. ლიტ. წყაროებში („შუშანიკის წამება“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და სხვ.) გადმოცემულია სამონასტრო მე­ურნეობის, ქართ. ერისმთავართა და მშრომელთა ეკონ. საქმიანობა. XII ს-ში შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანში“ ავითარებს შე­­­­­­­­­ხედულებებს სიმდიდრის წარმოშო­ბისა და განაწილების, შრომის თავისუფლებისა და დანაწილების შესახებ. XVII ს-ში ვახტანგ VI აქცენტს აკეთებდა გადასახდთა ნორმების დაწესებაზე, რ-თა დიდ ნაწილს ნატურალური გადასახადი შეადგენდა. XVIII ს. დასაწყისში აღსანიშნავია ს.-ს. ორბელიანის ფიზიოკრატიული შეხედულებები. იგი მერკანტილიზმისგან განსხვავებით სიმდიდრის წყაროს ეძებდა არა ვაჭრობაში, არამედ სოფლის მეურნეობაში.

XIX ს. II ნახ-იდან იწყება დასავლური ეკონ. ღირებულებების გავრცელება საქართველოში. განსაკუთრებით აქტუალური გახდა საბაზრო ეკონომიკის თეორიები. ამ პროცესში დიდი როლი შეასრულეს XIX ს. ქართვ. მოღვაწეებმა. ეკონ. სუბიექტის ქცევის დახასიათებას დიდ ყურადღებას აქცევდა ი. ჭავჭავაძე. იგი აღიარებდა ლიბერალურ ფასეულობებს და აღნიშნავდა, რომ „ყველასათვის, ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია“ და „შინაური თუ გარედამ შემოსული, ყოველი ბაჟისა და გადასახადისაგან დახსნილი იყოს და არა რომელისამე კანონმდებლობისაგან შეხუთული არ უნდა იქმნას“. ამდენად იგი თავისუფალი ბაზრის კლასიკური ეკონომიკის პრინციპებს ანიჭებდა უპირატესობას. ნ. ნიკოლაძე განიხილავდა ფასის დაწესების, საქონლის წარმოებისა და მოთხოვნის ფორმირების კანონზომიერებებს. მან ი. ჭავჭავაძესთან ერთად დააარსა თბილ. და ქუთ. საადგილმამულო ბანკები, მოგვიანებით ამუშავდა ევრ. დონის ფაბრიკა-ქარხნები და საწარმოები. დასავლურ ეკონ. ღირებულებებზე ყურადღებას ამახვილებდნენ გ. წერეთელი და ს. მესხი. ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საბაზრო ეკონომიკას, მსჯელობდნენ საბაზრო ინ-ტების დაარსებაზე (ბანკი, კომერციული ამხანაგობები და სხვ.), ასევე ფულისა და ფასწარმოქმნის საკითხებზე.

XIX–XX სს. მიჯნაზე განმანათლებელთა აქცენტი გადატანილი იყო საქართვ. ეკონ. მოწყობაზე, აღიარებდნენ თავისუფალი ეკონ. გარემოს მნიშვნელობას, რაც გამოიხატებოდა ვაჭრობისთვის ნაკლები ბარიერების შექმნითა და მცირე რაოდენობის გადასახადების არსებობით, ეს კი მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო ეკონომიკის განვითარებისთვის.

საბჭ. ხელისუფლების პერიოდში მ-ის დასავლური თეორიები კრიტიკის საგანი იყო, საბაზრო ეკონომიკის კანონზომიერებები კი უარყოფილ იქნა.

საქართველოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991) საფუძველი ჩაეყარა ეკონ. სუბიექტების დამოუკიდებელი ქცევების ფორმირებას, საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად განხორციელდა რეფორმები, ჩამოყალიბდა საბაზრო ინ-ტები, ინფრასტრუქტურა, კერძო საწარმოები, რათა მომხმარებელმა და მწარმოებელმა გადაწყვეტილებები მიიღოს თავისუფალი ბაზრის პრინციპების შესაბამისად. ქართვ. მეცნიერების მიერ მ-ში კვლევები წარიმართა ადამიანური, ბუნებრივი, ფულადი და სხვ. რესურსების რაციონალური გამოყენების თვალსაზრისით საწარმოებში, დარგებსა და რეგიონებში.

საქართველოში მ-ის თეორიების ცალკეული საკითხების სწავლება და კვლევა დაიწყო თსუ-ში 1922 წ. 30 ივნისიდან – სოც.-ეკონომიური ფაკ-ტის შექმნის დროიდან. ძირითადად ისწავლებოდა მრეწვ. ეკონომიკის, სამრეწვ. ფირმის ორგანიზაციისა და მართვის, სოფლის მეურნეობის ეკონომიკის საგნები, რ-ებიც ორიენტირებული იყო ცენტრალიზებული ადმ. მართვის პრინციპებზე. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეს საგნები ჩანაცვლდა მ-ის, მენეჯერული ეკონომიკის, მეწარმეობის ეკონომიკის, ბიზნესის ეკონომიკის კურსებით, რ-ებიც მ-ის თეორიების გამოყენებით უზრუნველყოფს სწავლებას მსოფლიოს წამყვანი უნ-ტების პროგრამების შესაბამისად. ეკონ. მეცნიერების ამ დარგში ამჟამად კვლევა და სწავლება მიმდინარეობს რამდენიმე უმაღლ. საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ლიტ.: სილაგაძე ა., ეკონომიკური დოქტრინები, თბ., 2010; ქავთარაძე გ., დასავლური ღირებულებები ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აზროვნებაში (პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მოდელი) XIX საუკუნის 60-იანი წლები – XX საუკუნის დამდეგი, თბ., 2012; ჩანტლაძე ვ., სულხან-საბა ორბელიანის ეკონომიკური შეხედულებები, თბ., 1959; მისივე, შოთა რუსთაველის ეკონომიკური შეხედულებები, თბ., 1992; ხარიტონაშვილი ჯ., ეკონომიკური აზრის ისტორია, თბ., 2019.

ე. ხარაიშვილი

მ. თოქმაზიშვილი