მიკოლოგია (ლათ. mykes – სოკო და logos–მოძღვრება), მეცნიერება სოკოების შესახებ. მ-ის მთავარი მიზანია სოკოების მორფოლ., ფლორისა და სისტემატიკის, ბიოქიმ., ფიზიოლ., ეკოლ., გეოგრ. და ფილოგენიის შესწავლა, აგრეთვე მათი როლის დადგენა ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში. მრავალი პათოგენური სოკო იწვევს მცენარის, ცხოველისა და ადამიანის დაავადებებს. ამდენად, მ. დაკავშირებულია ფიტოპათოლოგიასთან, ვეტერინარიასა და მედიცინასთან. სოკოებისაგან მიიღება მრავალი ანტიბიოტიკი, ვიტამინი, ფერმენტი და სხვ.
კვების მრეწველობაში დიდი მნიშვნელობა აქვს საფუარ სოკოებს, აგრეთვე ველურად მზარდ საჭმელ სოკოებს. ხდება ზოგიერთი საჭმელი სოკოს (ქამა, შამპინიონი, ტრიუფელი და სხვ.) მოშენებაც. მიკოლოგიური კვლევა ინტენსიურად მიმდინარეობს მრავალ ქვეყანაში. შედგენილია ზოგიერთი რეგიონის სოკოთა სარკვევები.
საქართველოში მიკოლოგიური და ფიტოპათოლოგიური გამოკვლევები XIX ს. II ნახ-იდან დაიწყო. XX ს-ში კვლევები ხორციელდებოდა ბოტანიკის ინ-ტში, მცენარეთა დაცვის, მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის, სას.-სამ., თბილისისა და გორის პედ. ინ-ტებში, თსუ-ში. სტატიები მ-ის საკითხებზე ქვეყნდებოდა მრავალი ქვეყნის პერიოდულ ჟურნალებში. ამჟამად საქართველოში კვლევები გრძელდება ილიას სახელმწ. უნ-ტში.
ი. ნახუცრიშვილი