მითრიდატე პერგამონელი, პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორის უკანონო შვილი, გაიუს იულიუს კეისრის მეგობარი. ძვ. წ. 47 კეისარმა სწორედ მას დაავალა ბოსფორის სამეფო ტახტის დაკავება. მ-მ ფარნაკე II-ის (მითრიდატე VI ევპატორის ვაჟი) მარშრუტი გაიმეორა – შეიჭრა კოლხეთში [ამ ლაშქრობას უკავშირებენ ქ. ვანის (სურიუმი) დანგრევას], აქედან გადავიდა სამცხეში, აწყურში, სადაც აინინას [ლევკოთეა, რ-იც მოსხების ქვეყანაში მდებარეობს (სტრაბონი)] ტაძარი გაძარცვა, ბოლოს ისევ დას. საქართველოდან დალაშქრა ბოსფორი. აქ ის დაიღუპა ტახტის პრეტენდენტ ასანდროსთან ბრძოლაში.
ლიტ.: თოდუა თ., ძველი კოლხეთი და გარე სამყარო (ძვ. წ. II–ახ. წ. VI სს.) თბ., 2008; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, მთ. რედ. რ. მეტრეველი, ტ. 2, თბ., 1999; Ломоури Н. Ю., Грузино-римские взаимоотношения, Тб., 1981.