მითრიდატე VI ევპატორი დიონისე (Mithridates Eùpatòr Dionysos) (ძვ. წ. 132, სინოპი, პონტოს სამეფო, – ძვ. წ. 63, პანტიკაპეიონი, ბოსფორის სამეფო), პონტოს მეფე ძვ. წ. 120-იდან (ფაქტობრივად ძვ. წ. 111-იდან), როდესაც მამამისი, მითრიდატე V ევერგეტი შეთქმულებმა მოკლეს ძვ. წ. 120. მ. VI გაიქცა და იმალებოდა. ძვ. წ. დაბრუნდა პონტოს დედაქალაქ სინოპში, საკუთარი დედა ლაოდიკე და მისი მომხრეები სიკვდილით დასაჯა, ძმები დახოცა და მეფობას შეუდგა. მან მემკვიდრეობით მიღებული შედარებით მცირე სამეფოს საზღვრები მალე გააფართოვა, სადაც მოაქცია არა მარტო სამხრ.-აღმ. და აღმ., არამედ ჩრდ. და დას. შავიზღვისპირეთიც. ძვ. წ. 111–110 შემოიერთა მცირე არმენია, 107 – ბოსფორის სამეფო და ყირიმის ბერძნ. ქალაქები, 105–90 – კოლხეთი. აპიანე ალექსანდრიელის ცნობით, იგი უკვე ძვ. წ. 83 ებრძოდა გამდგარ კოლხებსა და ბოსფორელებს (იხ. კოლხეთის აჯანყება ძვ. წ. 83). მ. VI ცდილობდა მთელი შავიზღვისპირეთის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას და აზიიდან რომაელთა განდევნის მიზნით კავშირი შეკრა შავი ზღვის დას. სანაპიროს ბერძნ. ქალაქ-სახელმწიფოებთან. დაახლ. ძვ. წ. 95 ხელშეკრულება დადო ტიგრან II-თან. ებრძოდა რომს: ძვ. წ. 89–84 მცირე აზიიდან განდევნა რომაელები და საბერძნეთში გადავიდა, მაგრამ დამარცხდა (I მითრიდატული ომი); ძვ. წ. 83–81 კვლავ ჰქონდა უმნიშვნელო შეტაკებები რომაელებთან (II მითრიდატული ომი); ძვ. წ. 74 დაიწყო მისი III ომი. რომაელთა სარდალმა ლუკულუსმა მ. VI დაამარცხა ძვ. წ. 71 და აიძულა სომხეთში გაქცეულიყო, სადაც ტიგრან II-თან ერთად განაგრძო ბრძოლა. მან დროებით დაიბრუნა პონტოს სამეფო, მაგრამ ძვ. წ. 66 პომპეუსმა ისევ დაამარცხა. მ. VI-მ თავდაპირველად თავი შეაფარა კოლხეთს, შემდეგ – ბოსფორს და კვლავ რომაელებთან საბრძოლველად ემზადებოდა. ძვ. წ. 63 მას აუჯანყდა ვაჟიშვილი ფარნაკე. მ. VI-მ დატყვევებას სიკვდილი არჩია და საწამლავი დალია, მაგრამ გადარჩა, შემდეგ კი მისივე თხოვნით ერთგულმა მცველმა ხმლით განგმირა (აპიანე). მორჩილების ნიშნად ფარნაკემ მ. VI-ის გვამი პომპეუსს გაუგზავნა, რ-მაც იგი სინოპში, პონტოელთა სამეფო აკლდამაში პატივით დაკრძალა.
მ. VI იყო ენერგიული, ფიზიკურად გამორჩეულად ძლიერი და განათლებული პიროვნება (ფლობდა 22 ენას), ნიჭიერი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი, ამასთანავე ძალზე ვერაგი და ულმობელი. მფარველობდა მეცნიერებასა და ხელოვნებას.
მ. VI-ის დროს მთელ ელინისტურ სამყაროს სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობა ჰქონდა კოლხეთთან. ამას მოწმობს დას. საქართვ. ცენტრში აღმოჩენილი უცხოური, კერძოდ, მ. VI-ის ხანის ამისოს საქალაქო მონეტები (ბაღდათის მიდამოები, ვანი, სოხუმი).
წყარო: აპიანე, მითრადატეს ომების ისტორია, თ. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1959.
ლიტ.: გოზალიშვილი გ., მითრიდატე პონტოელი, თბ., 1965; დუნდუა თ., კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ., 1993; სანიკიძე ლ., პონტოს სამეფო, თბ., 1956; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.
ნ. ლომოური