მითრიდატე II, ქართლის (იბერიის) მეფე I ს. 70-იან წლებში, ფარსმან I-ის ძე. იხსენიება 1867 ნაქულბაქევში აღმოჩენილ 75 წლით დათარიღებულ ბერძნ. წარწერაში. მასში ნათქვამია, რომ იბერთა მეფე მითრიდატეს, ფარსმან მეფისა და დედოფალ იამასასპოის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მეგობარს, რომაელებმა ციხის გალავანი გაუმაგრეს. 1940 არმაზისხევის სამაროვანზე აღმოჩენილ ერთენოვან „არმაზულ“ წარწერაში კი მ. II იხსენიება როგორც იბერთა „მეფე დიდი, ძე ფარსმანისა, დიდი მეფისა“. აქვეა მოხსენიებული მისი მეთაურობით იბერთა მიერ მოპოვებული გამარჯვებები.
ლიტ.: მელიქიშვილი გ., ძიებანი საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ძველი ისტორიის დარგში, თბ., 1999; მცხეთის ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა, თბ., 1958; წერეთელი გ., არმაზის ბილინგვა, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13.
გ. მელიქიშვილი