გაბუნია ნუნუ ნიკოლოზის ასული

ნ. გაბუნია

გაბუნია ნუნუ ნიკოლოზის ასული (დ. 18. VII. 1941, თბილისი), კომპოზიტორი, მომღერალი, საქართვ.  დამს. არტისტი (1977). 1966 დაამთავრა  თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (ი. ტუსკიასა და ა. შავერზაშვილის საკომპოზიციო კლასი), 1970 − ამავე  კონსერვატორიის ვოკალური ფაკ-ტი (ვ. დავიდოვას  კლასი). 1972 გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრში.

1968 იყო საქართვ. ფილარმონიის სოლისტი. 1961-2004    მუშაობდა  ტელე­ვი­ზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე.  1986-2002 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სამუს. სასწავლებელში. 1991-2000 იყო საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის მდივანი; 1998 − თბილ. ხელოვნების მუშაკთა სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი.

გ.  არის შემდეგი ნაწარმოებების ავტორი  (საბავშვო თეატრისათვის):   ოპერები − „ზამთრის ზღაპარი“ (1966), „შემოდგომიდან გაზაფხულამდე“ (1969); ბალეტი − „ქალიშვილი შავებში“ (1997); მიუზიკლები  − „ფიფქიას სკოლა“ (1961),  „მე და პატარა ობობა“ (1999), „კონკია“ ( 2002).  მის ნაწარმოებებს ასევე მიეკუთვნება ოპერეტები − „გაყრა“ (1973), „ნანა მღერის სიყვარულზე“(1979), „კინტო“ (1997); მიუზიკლები −  „პროვინციელი ქალიშვილები“ (1986),  „დაკარგულ გრძნობათა მღვიმე“ (1999) და სხვ.

-ს  კამერული ოპერით „იმპრესარიო ლანარის კუნძულებიდან“ გაიხსნა სვერდლოვსკის კამერული ოპერის თეატრი (1987). ავტორია სიმღერა-საგალობლების ციკლისა  „ავე მარია“. მასვე ეკუთვნის მუსიკა ანიმაციური ფილმებისათვის: „მონადირე (1968), „ლურჯა“ 91973),  „სახლობანა“ (1975), „ბულბულის იუბილე (1978),  და სხვ.

გ. ავტორია 100-მდე საესტრადო სიმღერის, რ-თაგანც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა შემდეგმა ქმნილებებმა: „მეორე ლეგენდა“ (1984), „გამახარე“ (1984), „ბედის ვარსკვლავი“ (1988), „გაზაფხულზე შენთან მოსვლას დავაპირებ“ (1990) და ა.შ.   მისი სიმღერების უმრავლესობა ამოზრდილია ქალაქური ფოლკლორის, (როგორც აღმოსავლური, ისე ევროპული) განშტოებებიდან და გამოირჩევა ნატიფი ლირიზმით,  სიწრფელითა  და  დემოკრატიულობით.

გ-მ როგორც მომღერალმა ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სცენაზე შეასრულა სოპრანოს რამდენიმე პარტია, მ. შ. ზემფირა რახმანინოვის „ალეკოში“ (1968). განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე  შესრულებული ტატიანასა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“; 1972) და თამარის (ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“; 1977−1978) პარტიები  .

გ. არის ატლანტისა (ჯორჯია, აშშ. 1990)  და თბილისის (2011) საპატიო მოქალაქე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998). თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი სახელობითი ვარსკვლავი (2012).