"მთიულური", ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი. ხასიათდება მსგავსი ილეთებით (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომის მაგვარი მოძრაობები). ამ ჯგუფში ერთიანდება "ცერული" (სვანეთი), "ხევსურული", "აფხაზური", "მოხეური ("ყაზბეგური"), "მხარული", "ხონჯოური" (აჭარა), "თუშური", "მ". უმეტეს შემთხვევაში, ცეკვების მუს. ზომაა 2/4 ან 6/8, ტემპი - ჩქარი. ცეკვა "მ." აღმ. საქართვ. ერთ-ერთი კუთხის, მთიულეთის ცეკვაა. ქართვ. მთიელთა ცეკვებს აღნიშნავენ ზოგადი ტერმინით - "მთიელთა ცეკვები. "მ-ის" ვარიანტებია "შეჯიბრი", "მხედრული", "ხანჯლური"; ქალ-ვაჟთა "მ." კი სატრფიალო ხასიათს ატარებდა და ჩართულია არაერთ ქართ. ბალეტში (ა. ბალანჩივაძის "მთების გული", გ. კილაძის "სინათლე", დ. თორაძის "გორდა"), ასევე ი. გოკიელის ოპერა "პატარა კახში" და ე. ლომდარიძის საფორტეპიანო პიესა "მთიულურში".
ლიტ.: ბარამიძე ბ., "ქართული ხალხური და კლასიკური ქორეოგრაფია (ბალეტი)", თბ., 2015; თათარაძე ა., ქართული ხალხური ცეკვა, თბ., 2010; ჯავრიშვილი დ., "მთიულური ცეკვები" თბ., 1953;