"მთიები", ფოლკლორული ანსამბლი. შეიქმნა 1980. დამაარსებელი და პირველი ხელმძღვ. იყო ე. გარაყანიძე (1980_98), შემდეგ - კ. ხუციშვილი (1998-2001), გ. გარაყანიძე (2001-12), მ. კევლიშვილი (2012-იდან დღემდე). თავიდან იყო ვაჟთა ფოლკლ. ანსამბლი, 2003-იდან - ქალ-ვაჟთა. 2004-იდან "მ". ე. გარაყანიძის სახ. ეთნომუსიკის თეატრია. 2012-იდან კი ეწოდა ე. და გ. გარაყანიძეების სახ. ეთნომუსიკის თეატრი.
"მ-ის' შესრულებულ სიმღერებში დაცულია სათანადო კუთხისთვის დამახასიათებელი შესრულების მანერა და ტონური სისტემა. მისი წევრები სიმღერასთან ერთად ცეკვავენ და უკრავენ სხვადასხვა საკრავზე. "მ-ის" წარმოდგენები თავიდანვე თეატრ. სანახაობების ელფერს ატარებდა და იგი თანდათან ყალიბდებოდა როგორც ფოლკლორული თეატრი. ანსამბლის რეპერტუარი ემყარება საკუთარ ფოლკლორულ ექსპედიციებში მოპოვებულ და ძვ. ფონოჩანაწერებიდან შესწავლილ მასალას. "მ". არაერთი საერთაშ. კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია. იგი კონცერტებს მართავდა საქართვ. და საზღვარგარეთის ქვეყნებში. ანსამბლის წევრები მასაჩუსეტსის შტატის ქ. ლოუელის (აშშ) საპატიო მოქალაქეები არიან. "მ-ს" გამოცემული აქვს კომპაქტდისკები (გერმანია, 1993, 1997), აუდიო დისკები (2007, 2011, 2018). მასზე გადაღებულია ტელეფილმი "მთიები" (რეჟ. დ. გუგუნავა, 1988). ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო მრავალ სატელევიზიო და რადიო გადაცემაში, ასევე დოკუმენტურ ფილმებში (მ. კოკოჩაშვილი "ფენომენი", 1993; ო. იოსელინი, "Seule, Géorgie, 1995 და სხვ.).
"მ-მა" სხვადასხვა დროს სცენაზე გააცოცხლა "ქართული ქორწილი", სვანური დღესასწაული "ლიფანალი", გლოვის რიტუალი "ზარი", "ხატობა". რეპერტუარში წარმოდგენილია როგორც ვაჟთა, ისე ქალთა ფოლკლორის ნიმუშები, აგრეთვე შერეული მაგალითები.
2012 "მ." ფოლკლორის ეროვნ. პრემიით დაჯილდოვდა. 2016 ფონდმა "ქართული გალობა" "მ", ფოლკლორული ტრადიციების აღდგენა-პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვა ნომინაციაში "ქართული ფოლკლორის მოამაგენი".
თ. დოლიძე