მთაწმინდის პარკი, კულტურისა და დასვენების პარკი თბილისში. გაშენდა 1930 მთაწმინდის პლატოზე, ფუნიკულიორის ზედა სადგურის ღერძზე (არქიტექტორები – ზ. და ნ. ქურდიანები, დენდროლოგი – ნ. ციციშვილი). მ. პ-ს ამჟამად უკავია 100 ჰა-ზე მეტი ფართობი. საბაღო ხეივნებისა და ბილიკების ქსელთან შეჯერებული კიბეებისა და ტერასების სისტემა მიემართება მთისკენ და თანდათანობით გადადის ტყე-პარკში. ამ გეგმარებას აგვირგვინებდა ი. სტალინის ბრინჯაოს მონუმენტი, რ-იც XX ს. 50-იანი წლების დასასრულს აიღეს.
მ. პ-მდე 3 გზა ადის: ფუნიკულიორი, საბაგირო და სამანქანო გზა. ფუნიკულიორის რკინიგზა 1900 ფრანგმა ინჟინერმა ა. ბლანშმა დააპროექტა. რკინიგზის სიგრძეა 501 მ, ლიანდაგის დახრის კუთხე – 28–330. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ციცაბო რკინიგზაა. მისი მშენებლობა 1905 დასრულდა. ფუნიკულიორის რკინიგზას 3 გაჩერება აქვს. შუა გაჩერებით მგზავრები მთაწმინდის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში ხვდებიან. ზედა სადგურზე აგებული იყო ორსართულიანი კოშკურებიანი ნაგებობა „როტონდა“, სადაც იმავდროულად კაფე-ბარი და რესტორანი იყო განთავსებული. ძველი რესტორანი
1936–38 რეკონსტრუქციის შედეგად შეიცვალა და მესამე სართული დაემატა, 1971 კი ქვედა სადგურის შენობაც გადაკეთდა (არქიტექტორები – გ. ბათიაშვილი, ტ. ქუთათელაძე). მოსახლეობისა და ტურისტური ნაკადის ზრდამ განაპირობა თბილ. პირველი საჰაერო-საბაგირო გზის მშენებლობა, რ-იც 1958 დაიწყო და იმავე წლის ოქტომბერში ამოქმედდა. ხაზი ერთმანეთთან აკავშირებდა რუსთაველის გამზირსა და მ. პ-ს და მაშინვე თბილ. კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა. საბაგირო გზის სიგრძე იყო 906 მ, რ-ზეც ორი 25-ადგილიანი ვაგონი 6 მ/წმ. სიჩქარით მოძრაობდა. 1990 საბაგირომ ფუნქციონირება შეწყვიტა. განახლებული საბაგირო გაიხსნა 2024. სამუშაოები შეასრულა ავსტრ. კომპანია დოპელმაიერმა.
მ. პ. არაჩვეულებრივი გეოგრაფიული მდებარეობითა და ინფრასტრუქტურით თბილ. ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ნაწილია. XX ს. დასაწყისში ცნობილმა მეცენატმა ბ. პატარკაციშვილმა მ. პ.-ში დიდი ინვესტიცია განახორციელა, რამაც საფუძველი ჩაუყარა გასართობი პარკის – “ბომბორას” მშენებლობას, სადაც ამჟამად განლაგებულია ატრაქციონების ქსელი, სხვადასხვა პავილიონი, სათამაშო ბაქანი, კინოთეატრი, პლანეტარიუმი და სხვ. განახლებული მ. პ. მრავალი ატრაქციონით დამშვენდა („მოცეკვავე ხე“, წყლის ატრაქციონი, ტრამვაი, რ-იც პარკის შიდა ტერიტ-ზე დადის, „დიდი მანქანები“, „მოჩვენებათა ციხე-კოშკი“, ტირი და სხვ., აგრეთვე ექსტრემალური ატრაქციონები).
მ. პ-ში დგას სატელევიზიო კოშკი-ანძა (სიმაღლე 210 მ).