ბორის ფოგელი

ბ. ფოგელი

ბორის ფოგელი (1871-1961), გერმანელი ფერმწერი. დაიბადა თემირ-ხან შურაში (ახლანდ. ბუინაკსკი, დაღესტანი). მამის გარდაცვალების შემდეგ, 1878 წელს, დედასთან ერთად საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში, სადაც 1934 წლამდე ცხოვრობდა. სწავლობდა თბილისის ვაჟთა I გიმნაზიაში. 1891 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1896-1897 წლებში სწავლობდა პარიზის ჟიულიენის აკადემიაში, 1897-1902 წლებში – პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. შემდეგ თბილისში დაბრუნდა და მუდმივი მონაწილე იყო აქ მოწყობილი ყველა სამხატვრო გამოფენისა. 1925 წელს თბილისის კომუნალურ მუზეუმში მოწყობილი გამოფენისათვის შექმნა ძველი თბილისის ამსახველი დიდი სერია, 1928 წელს – ამავე მუზეუმის გამოფენისათვის – „ახალი თბილისი“. მის ნამუშევრებში გვხვდება ზღვის თემა ბათუმის ხედებით. ბ. ფოგელი დიდ დროს უთმობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. თავდაპირველად მუშაობდა ხატვის მასწავ­ლებლად თბილისის ქალთა I გიმნაზია­ში, 1902 წლიდან – „ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელ კავკასიის საზოგადოებასთან“ არსებულ სამხატვრო სკოლაში; 1911-1914 წლებში ფერწერასა და ხატვას ასწავლიდა ნ. სკლიფოსოვსკის „ხატვისა და ფერწერის კურსებზე“ (სადაც არაერთი ქართველი მხატვარი აღიზარდა). 1934 წელს საცხოვრებლად გადავიდა ლენინგრადში (სანქტ-პეტერბურგი), მაგრამ საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. ბ. ფოგელის ნამუშევრები თბილისში დაცულია ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, ასევე სანქტ-პეტერბურგის რუსულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.

ა. ფოგელი ლენინგრადში გარდაიცვალა.