ფაღავა ვერა

ფაღავა ერა (1907–1988), ფრანგი მხატვარი. პარიზის სკოლის წარმომადგენელი. დაიბადა საქართველოში, ქ. თბილისში. 1920 წელს ოჯახთან ერთად გაემგზავრა შვეიცარიაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ოჯახი სამშობლოში აღარ დაბრუნდა და 1923 წელს პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. პარიზში სწავლობდა დეკორატიული ხელოვნების სკოლაში, ხელოვნებისა და რეკლამის სკოლაში (1926_33), დადიოდა ანდრე ლოტის სახელოსნოში. 1932 წელს შევიდა რონსონის კერძო აკადემიაში, სადაც როჟე ბისერის ფრესკული მხატვრობის სახელოსნოში მეცადინეობდა. 1928_39 წლებში ჯგუფ "სვიდეტელსტვოსთან" ერთად მონაწილეობდა გამოფენაში. 1944 წელს სამხატვრო გალერეების მფლობელმა ჟანა ბიუშემ ვ. ფაღავას ნამუშევრები გამოფინა თავის გალერეაში მონპარნასის ბულვარზე, სადაც ვ. ფაღავას ნაწარმოებების გამოფენები ეწყობოდა 1960 წლამდე. 1960 წლიდან ხატავდა აბსტრაქტული სტილით. გამოფენებს აწყობდა ჟაკობისა და დარიალის გალერეებში. 1966 წელს ვენეციის ბიენალეში მონაწილეობდა საფრანგეთის სახელით. 1982_83 წლებში ვ. ფაღავას ნახატების რესტროსპექტიული გამოფენა გაიმართა დიჟონის, ბოვეს, რეიმსის, ტრუას მუზეუმებში. მისი ილუსტრაციებით გამოდიოდა პიერ ლეკიუირის ლექსები და პროზა. გატაცებული იყო კედლის მხატვრობით, ვიტრაჟის ხელოვნებით. 2008 წელს მონპარნასის მუზეუმში ექსპოზიციაზე "პარიზი-მონპარნასი-თბილისი, 1920-იანი წლები" წარმოდგენილი იყო ე. ახვლედიანისა და ვ. ფაღავას ნამუშევრები.

ვ. ფაღავა საფრანგეთში, მონრუჟში, ო-დე-სენში გარდაიცვალა.