ნოზაძე ვიქტორ

ნოზაძე ვიქტორ (1893–1974), მეცნიერი, რუსთველოლოგი. დაიბადა საქართველოში, სოფ. წირქვალში. ქუთაისის ქართული გიმნაზიის დამთავრების (1913) შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ზოგი ცნობით,  იურიდიულ) ფაკულტეტზე.  1917 წელს ჩამოვიდა თბილისში. მან თავისი შთაბეჭდილებები თებერვლის რევოლუციაზე გამოაქვეყნა სოციალ-დემოკრატების გაზეთ "ერთობაში". იგი ქუთაისში გაზეთ "სოციალ-დემოკრატს" რედაქტორობდა, ხოლო თბილისში დაბრუნებისას - გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკას". 1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ვიქტორ ნოზაძე სასწავლებლად საზღვარგარეთ გაგზავნა. თავიდან ლონდონში იყო, ხოლო ბერლინის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1928 წელს, პარიზში დასახლდა. აქ მან გამოსცა ჟურნალ "ორნატის" რამდენიმე ნომერი, მოგვიანებით - ლიტერატურულ-მეცნიერული და პოლიტიკური ჟურნალი "კავკასიონი".

აღსანიშნავია ვ. ნოზაძის რედაქტორობით 1966 წელს პარიზში გამოცემული, რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი "კავკასიონის" საგანგებო ტომი. ემიგრაციაში ვ. ნოზაძე ნაყოფიერად მუშაობდა რუსთველოლოგიაში. შ. რუსთაველის პოემის "ვეფხისტყაოსნის" კვლევის ნაყოფია ექვსტომიანი მონუმენტური ნაშრომი, რომლის თითოეული ტომი სხვადასხვა დროს (1953-75) და სხვადასხვა ქალაქშია გამოცემული (ბუენოს-აირესი, სანტიაგო დე ჩილე, პარიზი).

ვ. ნოზაძე ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საფრანგეთში, ქ. არპაჟონის საავადმყოფოში. ანდერძის თანახმად, დაკრძალეს პარიზთან ახლომდებარე დაბა ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.